ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ზოგადი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
26.05.2022

ოთარ შამუგია: „ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წინ, მივდივართ ევროპისკენ. ეს არის  დღევანდელი დღის გზავნილიც. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოწყობილი სივრცეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ  დაათვალიერა.
„პირველ რიგში, დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ჩვენ ბევრი ომი და სოციალური კრიზისი გამოვიარეთ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წინ და მივდივართ ევროპისკენ. ეს არის ჩვენი დღევანდელი დღის გზავნილიც. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი არის ევროპა და, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან მალე გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, თუმცა მჯერა, რომ ჩვენს აფხაზ და ოსს ძმებთან ერთად, მშვიდობიანად, ურთიერთგაგებით შევძლებთ გაერთიანებას და ერთიანი ძლიერი სახელმწიფოს აშენებას“ , - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.'
წელს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები  კონცეფციის „საქართველოს ისტორიული არჩევანი - გზა ევროპისკენ“ ფარგლებში ერთიანდება. რუსთაველის გამზირზე, ქართული ღვინის სივრცე და მწვანე სივრცე მოქალაქეებს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე მასპინძლობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს სტენდი ღვინის მწარმოებელ მცირე და საშუალო კომპანიებს/ მარნებს, ღვინის ბარს, მოსასვენებელ და ფოტოგადაღების კუთხეებს აერთიანებს. მოქალაქეებს საშუალება აქვთ, დააგემოვნონ და შეიძინონ სხვადასხვა სახის ქართული ღვინო. სტენდის პატარა სტუმრებისთვის გაიმართება კალიგრაფიისა და ხატვის მასტერკლასები - პატარები შეძლებენ თიხის ჭურჭლის მოხატვას, ასევე სამახსოვრო საფოსტო ბარათებისა და სანიშნეების მომზადებას.  
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მწვანე სივრცე აერთიანებს საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებით კუთხეებს, საბავშვო ,,მწვანე“ სახელოსნოს და მოსასვენებელ ეკოსივრცეს - „მწვანე კაფე”. სივრცეში წარმოდგენილია მცენარეების მრავალფეროვნება და გარემოსდაცვითი თემატიკის ინსტალაციები. დღის განმავლობაში, სტენდის სტუმრებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ გარემოსდაცვით არაერთ აქტივობაში.  
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების და  დაცული ტერიტორიების სააგენტოების სტენდები ქ.გორსა და ქ.თელავში მოეწყო.  მთელი დღის განმავლობაში, სტენდებზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ აქტივობაში, დააგემოვნონ და შეიძინონ სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარების მიერ წარმოებული პროდუქცია, დაათვალიერონ ფოტოგამოფენები და საქართველო-ევროკავშირის ინსტალაციები. 
ღონისძიებების ფარგლებში, მოეწყობა კოსტუმირებული მსვლელობები და წარმოდგენები, გაიმართება კონცერტები ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით. 17:10 საათზე, იმ დროს, როდესაც 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, შესრულდება საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები. 

ქართული ღვინო