- სიახლეები
- ქართული ღვინო საფრანგეთში გამართულ ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალზე „Salon Savim TERRAVINI” იყო წარმოდგენლი
ქართული ღვინო საფრანგეთში გამართულ ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალზე „Salon Savim TERRAVINI” იყო წარმოდგენლი
ფესტივალი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Le Pont Caucasien“ ორგანიზებით, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გამართულ ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალზე „Salon Savim TERRAVINI” ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.
„Salon Savim TERRAVINI”-ის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ 5 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიისა და მცირე მარნის სხვადასხვა დასახელების ღვინოებს. აღნიშნული ფესტივალი ითვლება საფრანგეთის ღვინისა და გასტრონომიის ერთ-ერთ წამყვან ღონისძიებად, რომელსაც ყოველწლიურად ათი ათასობით ღვინის პროფესიონალი, HoReCa სექტორის წარმომადგენელი და მომხმარებელი სტუმრობს.
ფესტივალის სტუმრებს ქართული ღვინო საფრანგეთში მოღვაწე ენოლოგმა, კომპანიის „Le Pont Caucasien“ ხელმძღვანელმა ილია კახოიძემ წარუდგინა.
ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ოქტომბრის თვეში, ქართული ღვინო საფრანგეთში ასევე იყო წარმოდგენილი ფესტივალზე „Arts &Vin“.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის, მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნა მუდმივად მზარდია. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან საფრანგეთში 111 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 71%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
საფრანგეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო კომპანია LE PONT CAUCASIEN-თან 2015 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა საფრანგეთში სხვადასხვა ღონისძიებაზე ხდება.