ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

„ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება“, - იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში

ღვინის ტური

„ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება“, - იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში
16.06.2025

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს იაპონელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ. 12-კაციან ჯგუფს იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში  ხელმძღვანელობდა. ტურის ფარგლებში, სტუმრები ღვინის კომპანიებსა და მარნებს იმერეთსა და რაჭაში ეწვივნენ. მათი შთაბეჭდილებები და შეფასებები  იაპონურ გამოცემებსა და სხვადასხვა ბლოგზე გავრცელდება, რაც  ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge“ ხელმძღვანელი კენიჩი ოჰაში, იაპონიაში ერთადერთი  ღვინის მაგისტრია. 
„ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება, რაც მართლაც შთამბეჭდავია. გასულ წლებში, რამდენჯერმე ვიმოგზაურე კახეთში, იმერეთს უკვე მეორედ ვეწვიე და ყოველ ჯერზე ვფიქრობდი: რა არის ახალი? რა დარჩა აღმოსაჩენი? აღმოჩენები მართლაც ბევრია ჩემთვის. მე არ ვარ მეღვინე, მაგრამ კარგად ვიცნობ ბევრ მეღვინეს და ვხედავ, რამდენად დიდ ძალისხმევას იჩენთ იმისთვის, რომ ხარისხი კიდევ უფრო გააუმჯობესოთ და ღვინის გლობალურ ბაზარზე სწორად წარმოაჩინოთ. ძალიან კარგად ვგრძნობ ამას, ვხედავ დიდ წინსვლას და ეს ჩემთვის უდიდესი გამოცდილებაა. მიხარია, რომ თქვენგან ბევრი ახალი რამის სწავლა შემიძლია თქვენი 8000-წლიანი ტრადიციული ისტორიის წყალობით. მე ნამდვილად დიდ პატივს ვცემ ამ ღრმა და მდიდარ ისტორიას. გემრიელი საკვები, მრავალფეროვანი ღვინის სტილი, ყოველ ჯერზე მიხარია აქ დაბრუნება“,  - აღნიშნა კენიჩი ოჰაშიმ.
საქართველოში ვიზიტის დროს, კენიჩი ოჰაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia 2025 ფარგლებში გამართული  მე-15 საერთაშორისო ღვინის კონკურსის Georgia International Wine Award ჟიურის წევრიც იყო.
იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში Foodex Japan, Wine and Gourmet Japan, RAW Eine Tokyo, ტარდება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის  ტურები საქართველოში. 
აღსანიშნავია, რომ იაპონიის ბაზარი მზარდი და, ამავე დროს, ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტს წარმაოდგენს, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება. 

ქართული ღვინო