ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების 2017 წლის 4 თვის ექსპორტის მონაცემები

ზოგადი

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების 2017 წლის  4 თვის ექსპორტის მონაცემები
04.05.2017

 ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში ექსპორტირებულია 18,4 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 59%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.   საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 41,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 54%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

  „მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მდგომარეობით, ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის მაჩვენებლები 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-მდეა გაზრდილი. ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნების, ჩინეთის, აშშ-ს და აგრეთვე ტრადიციული  ბაზრების მიმართულებით. ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის მიმართულებით ღვინის ეროვნული სააგენტო და მეღვინეობის დარგი შეთანხმებულად მუშაობს“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

    ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 207% (2 391 981), საფრანგეთი - 332% (65 040), აზერბაიჯანი - 217% (42 264), ისრაელი - 150% (65 490), რუსეთი - 87% (11 076 205), გერმანია - 38% (145 168), ბელარუსი - 37% (183 150), უკრაინა - 26% (1 874 212), პოლონეთი - 19% (814 882), ლატვია - 14% (400 190) და სხვა.

  ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი -11 076 205, ჩინეთი -2 391 981, უკრაინა - 1 874 212, პოლონეთი - 814 882 და ყაზახეთი - 602 407 ბოთლი. 

  ამასთან, მსოფლიოს 14 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 325 298 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 56%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  10,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  67%-ს აღწევს.

  საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 63 410  ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 124% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები  177,4 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის საანგარიშო პერიოდთან  შედარებით 96%-ს მიაღწია.

  მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 75,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 59% შეადგინა.

 

ქართული ღვინო