ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

კანონ-პროექტის განხილვა ღვინის კომპანიებთან

ზოგადი

კანონ-პროექტის განხილვა ღვინის კომპანიებთან
26.04.2017

აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები ღვინის ეროვნული სააგენტოს და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან დღეს გაიმართა შეხვედრა, რომელიც საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ტენდენციებს მიეძღვნა. 

ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში გამართულ შეხვედრაზე შეკრებილებმა, ძირითადად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ღვინის ექსპორტის ზრდასა და დარგში მიმდინარე პროექტებზე იმსჯელეს.

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები უკვე ინიცირებულია პარლამენტში და ამ კვირის ბოლოს კომიტეტში მისი განხილვაც იგეგმება. კანონმდებლებმა კანონპროექტის პარლამენტში განხილვამდე დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრა იმ მოტივით გადაწყვიტეს, რათა მათგან კიდევ ერთხელ მოესმინათ პოზიციები ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით და დღეისათვის აქტუალური საკითხების თაობაზე მათი მოსაზრებები განეხილათ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა დარგის აქტიურ განვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო წლებში ექსპორტის დინამიკა საკმაოდ გაზრდილია. ამაზე მეტყველებს 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებიც, რომლის მიხედვით საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში უკვე ექსპორტირებულია 14 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც მთელი 85%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დღეს საქართველო მხოლოდ ერთ ბაზარზე აღარაა დამოკიდებული და ხდება სულ ახალ-ახალი ბაზრების ათვისება, თუმცა სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, გარკვეული პრობლემები მაინც არის. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით, კერძო სექტორის და ხელისუფლების პოზიციები შეჯერებული იყოს.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას განცხადებით, მისასალმებელია ექსპორტის ზრდის ტენდენციები, საინტერესოა რომ მოკლე დროში ჩინეთი ამ კუთხით უკვე მეორე საექსპორტო ქვეყნად იქცა, თუმცა როცა ექსპორტი იზრდება, გამოწვევებიც მატულობს, ჩნდება პრობლემები და მთავარია, მათი მოგვარების გზები სწორად იყოს შერჩეული. „ბაზრის დივერსიფიკაციის კუთხით რეალურად სახეზეა დივერსიფიკაციის ძალიან კარგი და სწრაფი ეფექტი. მნიშვნელოვანია, რომ ერთ და ორ ბაზარზე აღარ ვართ რეალურად დამოკიდებული. არა და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთ ბაზარზე ვიყავით დამოკიდებული. როგორც ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, გპირდებით, რომ გავაგრძელებ საქართველოს ღვინის დესპანობას ჩინეთში და ეს კიდევ უფრო მეტად შეგვიწყობს ხელს, რათა კიდევ უფრო პოპულარული გავხადოთ ქართული ღვინო“, - განაცხადა ოთარ დანელიამ, მისივე თქმით, ჩინეთში იხსნება ძალიან ბევრი ქართული ღვინის სახლი და მან მეღვინეებს მაქსიმალურად აქტიურობისკენ მოუწოდა და ამ პროცესებში ხელშეწყობასაც დაპირდა. 

შეკრებილთ ასევე მიმართეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გელა სამხარაულმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ბრეგაძემ, რომელთა განცხადებით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგი დღეს ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ექსპორტი იზრდება, თუმცა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ არსებული გასაღების ბაზრები განვავითაროთ და კიდევ უფრო მეტი ავითვისოთ, რისთვისაც ქვეყანას ყველანაირი საშუალება და საფუძველი აქვს. 

შემდეგ გიორგი სამანიშვილმა ისაუბრა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში განსახორციელებელ ცვლილებათა პროექტზე. მისი განცხადებით, 1998 წელს მიღებული კანონის პოლიტიკა და მიმართულება არ იცვლება, უბრალოდ ხდება კანონის განახლება რომელმაც ახალ გამოწვევებს უნდა უპასუხოს. აღსანიშნავია, რომ 2002 წლის შემდეგ კანონში უმნიშვნელო ცვლილებაც კი არ შესულა, არა და მთელი რიგი ტერმინებიც კი მოძველდა და განახლებას საჭიროებს. გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, ტერმინები ჰარმონიზებული გახდება ევროკავშირის და ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის კანონმდებლობასთან; მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ღვინის კლასიფიკაციის თავში - შემოდის ქვევრის ღვინის და ქარვისფერი ღვინის განმარტებები; ცვლილებები შედის ეტიკეტირების წესში; სავალდებულო ხდება სერტიფიცირება და სხვა. 

კანონპროექტის ავტორებმა გაიზიარეს მეღვინეთა წინადადება ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვის შესახებ. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სტატისტიკა მეტყველებს, რომ ხდება არც თუ დიდი რაოდენობის ჩამოსახმელი ღვინის ექსპორტი და მერე აქედან საკმაოდ დიდი რაოდენობის ჩამოსხმული ღვინის წარმოება მეზობელ ქვეყნებში. მაგალითად, 2016 წლის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტირებულია მხოლოდ 512 ათასი ლიტრი ჩამოსახმელი ღვინო და მისმა რაოდენობამ ჩამოსხმის შემდეგ დაახლოებით 15-20-ჯერ მეტს მიაღწია. საქართველოს კი არანაირი ბერკეტი არ გააჩნია იმის გასაკონტროლებლად, თუ ექსპორტირებული ჩამოსასხმელი ღვინიდან რამდენი იწარმოება. ეს პირდაპირ ზიანს აყენებს ქართულ მეღვინეობას, ქართული ღვინის ექსპორტის პოტენციალს. ყველა შეთანხმდა, რომ აუცილებელია ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის საკანონმდებლო დონეზე აკრძალვა. 

მეღვინეთა ერთი ჯგუფი შემოვიდა წინადადებით, რომ დეგუსტაცია ყველა საექსპორტო ღვინოზე გავრცელდეს. დღემდე ეს მხოლოდ ადგილწარმოშობის ღვინოებისთვის იყო სავალდებულო. საინსპექციო კონტროლის გამკაცრება და ყველა ღვინის დეგუსტაცია ეს იმის წინაპირობაა, რომ საქართველოდან ექსპორტზე დაავადებული ღვინო არ გავიდეს. თამაშის წესები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს და ეს თემა ერთხელ და საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, რაც მეწარმეთა აზრით, გაზრდის ქართული ღვინის ხარისხს, მის პოპულარობას და გაყიდვებს. 

როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა, პრაქტიკაში დანერგილი სიახლეების და ცვლილებების ადეკვატური უნდა იყოს საკანონმდებლო ბაზა და შემოთავაზებული კანონპროექტიც სწორედ ამას უწყობს ხელს - დაწესდება ერთიანი სტანდარტი და ყველა ერთნაირ პირობებში იქნება.

„ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვას თვით მეღვინეები ითხოვენ. შეთანხმება პრინციპულად მიღწეულია, შესაბამისად იგი საკანონმდებლო დონეზე აისახება. ეს გახლდათ ინიციატივა მეღვინეთა მხრიდან და კომიტეტში მიიჩნევენ, რომ იგი ნამდვილად გასაზიარებელია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოში წარმოებულმა პროდუქციამ საბოლოო სახე მიიღოს და ის როგორც ნახევარფაბრიკატი არ გავიდეს ქვეყნიდან. შესაბამისად, მივესალმებით ამ ცვლილებას“, - განაცხადა ოთარ დანელიამ შეხვედრის შემდეგ. 

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თამჯდომარის განცხადებით, შეთანხმება მიღწეულია ასევე საექსპორტო ღვინის დეგუსტაციის საკითხზეც: „დეგუსტაცია აუცილებლად უნდა მოხდეს. ქვევრის ღვინოს აწარმოებს როგორც დიდი, ასევე მცირე რაოდენობით ღვინის მწარმოებელი, შესაბამისად, პირობა უნდა იყოს ერთი - ჩვენ ორმაგი სტანდარტი ვერ გვექნება და რა თქმა უნდა ხარისხის ხარჯზე ვერ დავთმობთ ქართული ღვინის ექსპორტს“. 

ოთარ დანელიას შეფასებით, შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი, მასზე ყველა იმ საკითხზე იმსჯელეს, რაც დარგისათვის მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელია და, რაც ყველაზე მთავარია, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, არის სრული კონსესუსი. 

„პრაქტიკაში უკვე იმდენი ცვლილება დავნერგეთ, რომ კანონი დაძველდა, ცვლილებებთან თანხვედრაში არ არის და საუბარია იმაზე, რომ კანონი უფრო თანამედროვე იყოს. მოგეხსენებათ, რომ ახალი გასაღების ბაზრები გაგვიჩნდა, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ღვინის ექსპორტი და ეს საჭიროებს იმ მოქნილობას საკანონმდებლო დონეზე, რაც უკვე ასახულია წარმოდგენილი პროექტით. იგი ასევე ითვალისწინებს საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების დანერგვას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საუკეთესო პრაქტიკების დანერგვას, რაც ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

ქართული ღვინო