ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქვევრის ღვინის წარდგენა საფრანგეთის ქალაქებში

გამოფენა

ქვევრის ღვინის  წარდგენა საფრანგეთის ქალაქებში
06.02.2018

 საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ღვინის პროფესიონალები, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლები ქვევრის ღვინოსა და ქართული ღვინის კულტურას გაეცნენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ ბუნებრივი ღვინოების გამოფენებში - ქალაქ ანჟეში „Les Penitentes“-ში და ქალაქ სომურში  ‘’La Dive Boutteille”-ში. 
„La Dive Boutteille” ყველაზე დიდი და პოპულარული ნატურალური ღვინის გამოფენაა საფრანგეთში, რომელსაც  ცნობილი ფრანგი მეღვინეები მასპინძლობენ. გამოფენა იზიდავს ღვინის იმპორტიორებსა და პროფესიონალებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც სპეციალიზირებულები არიან ნატურალურ ღვინოებში. 
„Les Penitentes“-ში ტრადიციულად  მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ,,ნატურალური“ ღვინის მწარმოებლები მონაწილეობენ. წელს ქართულ სტენდს მსოფლიოში ცნობლი ღვინის ექსპერტი და ღვინის საერთაშორისო მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი ეწვია.
Les Penitentes“ და ‘’La Dive Boutteille” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასობით მეღვინე მონაწილეობდა. წელს ქართული ღვინო მერვედ იყო წარმოდგენილი. წინა წლებში მონაწილეობამ დიდი წარმატება და ახალი კონტრაქტები მოუტანა ქართველ მეღვინეებს.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „იაგოს ღვინო“, „მანდილი“, „ხოხბის ცრემლები“, „მარანი ლაგაზი“, „გოგო ვაინი/ართანული ღვინო“, „კორტავების მარანი“, „რამაზ ნიკოლაძის მარანი“, „ოქროს ღვინო“.
მსგავს ღონისძიებებში ქართული ღვინის წარდგენით იზრდება შესაძლებლობა, რომ საქართველო სულ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყანა. ამ გამოფენებზე ქართულ ღვინოს არა მარტო ფრანგები, ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც ეცნობიან, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართული ღვინის პრომოციას და მის მაქსიმალურად წარმოდგენას ყველა მსგავს გამოფენაზე.საფრანგეთში ღვინის წარდგენით, ქართული ქვევრის ღვინო ცნობილი ხდება ფაქტობრივად მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ბაზარზე. 
გამოფენების დასრულების შემდეგ, ქართული ღვინის დეგუსტაცია ამ დღეებში გაიმართება ნანტში,  რენიში და ლორიანში სპეციალიზირებულ ღვინის მაღაზიებსა და ბარებში. მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, 2017 წელს საქართველოდან  100 ათასამდე ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 178%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საფრანგეთში ექსპორტის ძირითადი წილი სწორედ ქვევრის ღვინოზე მოდის.

ქართული ღვინო