ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

„OriGin“ და „OriGin-საქართველოს“ შორის სალიცენზიო ხელშეკრულება გაფორმდა

ზოგადი

„OriGin“ და „OriGin-საქართველოს“ შორის სალიცენზიო ხელშეკრულება გაფორმდა
28.10.2016

საქპატენტისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული „OriGin -საქართველო“, გახდა გლობალური ალიანსის „OriGin“-ის მონაწილე და საქმიანობას მისი ლოგოთი გააგრძელებს. სალიცენზიო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალი, შედგა დღეს, 28 ოქტომბერს (2016 წ.), თბილისში მიმდინარე კონფერენციის „ბრენდინგის სტრატეგიების“ ფარგლებში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის 27-28 ოქტომებრს მონაწილეობა მიიღეს  საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში - „ბრენდინგის სტრატეგიები“, რომელიც  ჩატარდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მხარდაჭერით. იურიდიული სამმართველოს უფროსმა - თათია კერესელიძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ქართული ღვინის ბრენდ სახელების დაცვის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრული ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები. 

„OriGin“ -ი არის ორგანიზაცია რომელიც ხელს უწყობს გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვას ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ დონეზე და მისი დახმარებით „OriGin საქართველო“ საქართველოში მოქმედ მეწარმეებს დახმარება პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნების გამოვლენაში და მათი მახასიათებლების დადგენაში შემდგომი რეგისტრაციის მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. თანამშრომლობა ითვალისწინებს ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას საერთაშორისო გამოფენებში და ბაზრობებში მონაწილეობაზე.

გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული არეალის სახელი, რომელიც გამოიყენება ისეთი პროდუქტის აღსანიშნად, რომლის განსაკუთრებული თვისებები და ხარისხი უშუალოდ არის განპირობებული ამ გეოგრაფიული ადგილის დამახასიათებელი (ხშირად უნიკალური) გარემო პირობებით (ნიადაგი, წყალი, ჰავა, ტრადიციული წარმოების წესი). გეოგრაფიული აღნიშვნის მატარებელი პროდუქციის ღირებულება საშუალოდ 2.5 ჯერ აღემატება ანალოგიური სხვა პროდუქტების ფასს და სარგებლობს ბაზარზე განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნილებით. გეოგრაფიული აღნიშვნები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნების რეგიონალურ განვითარებაში, კერძოდ მათი გამოყენება:

• შესაბამის რეგიონებში ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლების საგრძნობ ზრდას;

• ამცირებს რეგიონებიდან სამუშაო ძალის გადინებას და პირიქით, ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ადგილებზე დამაგრებას;

• ზრდის რეგიონის ცნობადობას და ხელს უწყობს აგრარული ტურიზმის განვითარებას. 

გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა წარმოადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთერთ სტრატეგიულ მიმართულებად. ამჟამად საქართველოში წარმოებული პროდუქციიდან 40-ზე მეტი (ღვინო, მინერალური წყალი, ყველი და სხვ.) რეგისტრირებულია როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, რომლის დიდი ნაწილი ქართულ ექსპორტზე გადის.

ქართული ღვინო