ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინით ჰოლანდიელი სომელიეები ინტერესედებიან

ღვინის ტური

ქართული ღვინით ჰოლანდიელი სომელიეები ინტერესედებიან
28.09.2017

საქართველოს ჰოლანდიელი სომელიების ჯგუფი სტუმრობდა, რომლის წევრების შეფასებით, ქართულ ღვინოს ჰოლანდიის ბაზარზე ექსპორტის გაზრდის დიდი პოტენციალი აქვს. ჰოლანდიელმა სტუმრებმა ღვინის კომპანიები თბილისში, ქვემო ქართლსა და კახეთში მოინახულეს.

ჰოლანდიის წლის საუკეთესო სომელიეს, ნილს ვან ოვერმეიერის (Niels Van Overmeire) შეფასებით, ქართული ღვინის ექსპორტს ჰოლანდიის ბაზარზე რამდენიმე კომპანია უკვე აწარმოებს, თუმცა პოტენციალი უფრო დიდია. 

„მე ვფიქრობ ქართულ ღვინოებს დიდი მომავალი აქვს. ქართველებმა უნდა გააგრძელონ ღვინის კეთება. აქ სხვადასხვა სტილის ღვინოებია, არის მცირე და დიდი საწარმოები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარანში საქმიანობა მიმდინარეობს სისუფთავის დაცვით, მწარმოებლები მუშაობენ სუფთა ხარისხიანი ღვინის მიღებისთვის“ - აღნიშნა მან.

ჰოლანდიელ სომელიეებს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდნენ შემდეგი კომპანიების ღვინოებს: „ერისთავის ქვევრის ღვინო“, „ბოლნური“, „გოცას ღვინო“, „თბილღვინო“, „შუხმანის ღვინოები“, „თელავის ღვინის მარანი“, „ფაფარი ველი“, „ხოხბის ცრემლები“ და „მოსმიერი“.

ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს ხელშეკრულება გააფორმა ღვინის იმპორტიორ კომპანიასთან „Saperavi Wine Agency“, რომელიც ჰოლანდიაში ქართული ღვინის იმპორტს ახორციელებს და სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას მართავს. 

„Saperavi Wine Agency“-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია მიმდინარე წლის ივლისში ამსტერდამში გაიმართა. სწორედ ამ ღონისძიების შემდეგ გადაწყდა საქართველოში ჰოლანდიელ სომელიეთა ჯგუფის ვიზიტი, რომლის წევრებიც ჰოლანდიის სომელიეთა გილდიამ შეარჩია. 

 

ქართული ღვინო