საქართველოს ჩინეთიდან ღვინის იმპორტიორებისა და ჟურნალისტების ჯგუფი ეწვია
ღვინის ტური
ღვინის იმპორტიორებისა და ჟურნალისტების ჯგუფი ჩინეთიდან ერთკვირიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია, რომლის ფარგლებშიც სტუმრები ღვინის მარნებსა და კომპანიებს ქართლში, კახეთში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში მოინახულებენ. ღვინის პროფესიონალები ადგილზე დააგემოვნებენ ქართულ ღვინოებს, გაეცნობიან ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინის დამზადების ტექნოლოგიასა და რთველის პროცესს.
13-კაციან ჯგუფს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტარქტორი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი ხელმძღვანელობს. ღვინის იმპორტიორები ვიზიტის პირველ დღეს თბილისში ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა წარედგინათ საკუთარი პროდუქცია იმპორტიორებისთვის.
დებრა მეიბურგის თქმით, ჯგუფის შემადგენლობაში შედიან იმპორტიორები და ჟურნალისტები ჰონგ-კონგიდან და ჩინეთის სხვა ქალაქებიდან.
„მე ისევ ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ქვეყანაში ვიმყოფები, რადგან ძალიან მინდა წარვუდგინო ეს ღვინოები აზიის ბაზარს. მინდა კარგად გაიგონ ის კულტურა, რომელიც ამ ღვინოების უკან დგას, ასევე საკვები, ადამიანები, სტუმართმოყვარეობა, თვისებები და ისტორია, რაც ამ ღვინოებს განსაკუთრებულობას სძენს. ჩემთვის ამაღელვებელია რთველის პერიოდში აქ ყოფნა. ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა ყურძენი პირდაპირ ვენახიდან დაგვეგემოვნებინა და შეგვეგრძნო თითოეული კომპონენტი, რომელიც ამ ღვინოებს განსაკუთრებულს ხდის“, - აღნიშნა დებრა მეიბურგმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, მარკეტინგულ სტრატეგიაში ძალიან მნიშვნლოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი, ღვინით დაინტერესებული სტუმარი გაეცნოს ადგილზე უძველეს ქართულ ღვინის კულტურას.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ღვინის პროფესიონალი ჩამოვიდეს საქართველოში. ეს ჯგუფიც სწორედ ასეთი პროფესიონალი ღვინის იმპორტიორებისა და ჟურნალისტებისგან შედგება. მათ მიერ დაწერილი სტატიები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის შესაბამის ბაზრებზე“,- აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ამ ვიზიტების შედეგად, ბიზნეს ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება აზიის ბაზარზე მომუშავე იმპორტიორებსა და ქართულ ღვინის კომპანიებს შორის.
ვიზიტის ფარგლებში ღვინის პროფესიონალები მოინახულებენ შემდეგ ღვინის მარნებსა და კომპანიებს: „შატო მუხრანი“, „ბადაგონი“, „ვაზიანი კომპანი“, GWS, „შალაურის ღვინის მარანი“, „კახური“, „ჭოტიაშვილის ღვინის მარანი“, „თელავის ღვინის მარანი“, „ფაფარი ველი“, „მარანი ჩუბინი“, „მეღვინეობა ხარება“, „კახური ღვინის მარანი“, „ამირან ვეფხვაძის ღვინის მარანი“, „არჩილ გუნიავას ღვინის მარანი“, „ვარციხის მარანი“, „რამაზ ნიკოლაძის ღვინოები“, „ბაიას ღვინო“, „საოჯახო მარანი - ოდა“.
ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრად. 2017 წლის 8 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 5 მლნ-ზე მეტი ბოთლი, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ჩინეთი მეორე ადგილს იკავებს.