ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 2017 წლის 8 თვის მონაცემები

ექსპორტი

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 2017 წლის 8 თვის მონაცემები
06.09.2017

2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45,3 მლნ  ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 61%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 100,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 55%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

„ღვინის ექსპორტმა 8 თვის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61%-ით მოიმატა, 55%-ით გაიზარდა ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები. ქართული ღვინის გაყიდვები გაიზარდა ევროკავშირის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აშშ-ს და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც  სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის კოორდინირებული საქმიანობისა და სწორად დაგეგმილი მარკეტინგული აქტიობების შედეგია“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა. 

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 51% (5098091), რუსეთი - 94% (28493063), უკრაინა - 42%(4334970), პოლონეთი - 19% (1622872), ლატვია - 25% (963266), ბელარუსი - 35% (904070), აშშ - 67% (286496), გერმანია - 39% (256672), ისრაელი - 232% (139994), საფრანგეთი - 378% (95530),  აზერბაიჯანი - 170% (102 342) და სხვა.  

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, ყაზახეთი და პოლონეთი.  

 ადგილწარმოშობის დასახელების მიხედვით ლიდერობს ღვინო „ქინძმარაული“ – 7 752 470 ბოთლი, შემდეგ მოდის: „მუკუზანი“ – 2 478 937, „წინანდალი“ – 1 959 406, „ახაშენი“ – 861 185, „ხვანჭკარა“ – 451 034, „ტვიში“ – 172 358, „ნაფარეული“ – 121  986 და ა.შ.

 ამასთან, მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 9 758 746 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 103%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  21,85 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  98%-ს აღწევს.

საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 132 746 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 153% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები  367 757 აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 85%-ს მიაღწია.

 მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 165,34 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 52% შეადგინა.

ქართული ღვინო