ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

„რთველის ორგანიზებულად წარმართვისთვის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია“ - ოთარ დანელია

რთველი

„რთველის ორგანიზებულად წარმართვისთვის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია“ - ოთარ დანელია
09.08.2016

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დარგში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს და 2016 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზინით შემუშავებული ხელშემწყობი ღონისძიებები განიხილეს.

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისთვის საქართველოს მთავრობა სრულ მზადყოფნაშია. რთველის პროცესში დაცული იქნება როგორც მევენახეების, ისე მეწარმეების ინტერესები. მიმდინარე წელს ყურძენის მიღებას 100-მდე ღვინის კომპანია განახორციელებს. არცერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება.

,,შეხვედრაზე ყველა დეტალი განვიხილეთ, რათა მიმდინარე წელს რთველის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. წელს, საწარმოო გადამუშავებისთვის დაახლოებით 150 ათას ტონამდე ყურძენს ველოდებით. მნიშვნელოვანია, რომ დარგი მაქსიმალურად მზად იყოს ყურძნის მისაღებად. მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობის კუთხით ბოლო 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება. ჩვენი მიზანია, საერთოდ გამოვიდეთ სუბსიდიის მიდგომებიდან, როდესაც დარგი ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ფაქტია, რომ დღეს ხელშეწყობა კვლავ საჭიროა“, -აღნიშნა ოთარ დანელიამ.

მინისტრის განმარტებით, ღვინის ექსპორტის ზრდის პარალელურად, საერთაშორისო ბაზარზე ფიქსირდება ღვინის სარეალიზაციო ფასის შემცირება. შესაბამისად, მევენახე გლეხების ინტერესის გათვალისწინებით, ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ რთველი 2016-ის ფარგლებში სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ოთარ დანელიას განცხადებით, გასული წლის მსგავსად, სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე. ღვინის კომპანიებში ჩაბარებულ ყურძენზე სუბსიდია გაიცემა შემდეგი ოდენობით:

კახეთის რეგიონში

 

• 1 კგ. რქაწითელზე - 45 თეთრი; 

 

• 1 კგ. კახური მწვანეზე - 45 თეთრი; 

 

• 1 კგ. საფერავზე - 20 თეთრი;

 

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში:

 

• მუჯურეთული/ალექსანდროული - 2 ლარი;

 

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისათვის გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სესხების გაცემა საბრუნავი საშუალებების მიზნობრიობით.

ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის ფერმერებისაგან ყურძნის შეძენის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 10 მლნ ლარით, არაუმეტეს 15 თვის ვადით.

ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რომლებიც ყურძენს შეისყიდიან საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით, გაიცემა შეღავათიანი აგროკრედიტი არაუმეტეს 15 მლნ ლარის ოდენობით. სესხის მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 3 წლის ვადით.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო არ განსაზღვრავს ყურძნის ღირებულებას, არ ერევა ფასების რეგულაციებში, რადგან ფასს არეგულირებს ბაზარი. 

ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა რთველი 2016-ის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა. 

რთველის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, საკოორდინაციო შტაბი თელავში განთავსდება. შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. შტაბის ფუნქციონირება რთვლის პროცესში ჩართულ მხარეებს (სამინისტროს წარმომადგენლები, მეწარმეები, მევენახეები) შორის აქტიურ კომუნიკაციას და კოორდინაციას შეუწყობს ხელს. გასული წლის მსგავსად, ამოქმედდება ცხელი ხაზი - 1501 და სპეციალური ვებგვერდი, სადაც შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა პირებმა 24 საათის განმავლობაში მიიღონ საჭირო ინფორმაცია.

„რთველის წინ ტრადიციულად ვიკრიბებით ღვინის კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, რათა წლევანდელი რთველის ტექნუიკური სახის დეტალები გავიაროთ. მოგეხსენებათ ყურძენი უკვე მწიფობაში შედის და აგვისტოს ბოლო რიცხვებში, რთველის საკოორდინაციო შტაბი თელავში გაიხსნება. მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით  მეტ მოსავალს ველოდებით. გაზრდილია საფერავის ჯიშის ყურძენის რაოდენობაც და მასზე მოთხოვნაც“ - აღნიშნა სამანიშვილმა. მისი თქმით, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები უახლოეს დღეებში გაემგზავრებიან კახეთის რეგიონში და ადგილზე გაეცნობიან მოახლობულ რთველთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, რაც რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვას ემსახურება.

შეხვედრაზე გიორგი სამანიშვილმა ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წლის დასაწყისში დაფიქსირებული ექსპორტის ზრდა დღემდე შენარჩულებულია - 7 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 24 მლნ ბოთლამდე ღვინო, რაც 42%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი და იური ნოზაძე, ღვინის მწარმოებელი 70-მდე კომპანიის წარმომადგენელი და ღვინის ინდუსტრიაში დასაქმებული პირები ესწრებოდნენ.

ქართული ღვინო