2016 წლის რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
რთველი
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ თელავში რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა მევენახეობა-მეღვინეობის დარგში არსებულ მდგომარეობაზე და სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიის გაცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია როგორც მევენახეების, ასევე მეწარმეების ინტერესის გათვალისწინება.
„მიმდინარე წელს კახეთის რეგიონში, შარშანდელის მსგავსად, დაახლოებით 148-150 ათასი ტონა ყურძნის სამრეწველო გადამუშავებას ველოდებით. რთველის ჩასატარებლად ჩვენ განსაკუთრებულ სირთულეებს არ ველოდებით, ხელისუფლებას აქვს სრული მზადყოფნა, რომ წლევანდელი რთველი ორგანიზებულად და შეუფერხებლად წარიმართოს. ჩვენი მიზანია, რომ არცერთ მევენახეს არ დარჩეს ჩაუბარებელი ყურძენი. წელს, ყურძენს 100-მდე ღვინის კომპანია ჩაიბარებს“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულ ღვინის კომპანიებში ჩაბარებულ ყურძენზე, ფიზიკური პირები სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ შემდეგი ოდენობით:
კახეთის რეგიონში
• 1 კგ. რქაწითელისათვის - 0,45 ლარს
• 1 კგ. კახური მწვანისათვის - 0,45 ლარს
• 1 კგ. საფერავისათვის - 0,20 ლარს
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში:
• მუჯურეთული/ალექსანდროულისთვის - 2 ლარს
მინისტრის განცხადებით, წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისათვის გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სესხების გაცემა საბრუნავი საშუალებების მიზნობრიობით. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის ფერმერებისაგან ყურძნის შეძენის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 10 მლნ ლარით, არაუმეტეს 15 თვის ვადით. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რომლებიც ყურძენს შეისყიდიან საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით, გაიცემა შეღავათიანი აგროკრედიტი არაუმეტეს 15 მლნ ლარის ოდენობით. სესხის მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 3 წლის ვადით.
რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი უხელმძღვანელებს. როგორც ღონისძიებაზე შტაბის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მიმდინარე წელს, გასული წლის მსგავსად სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, გლეხი ჩაბარებული ყურძნის საფასურს ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს. ყურძენს, რომლის რეალიზაციასაც მევენახე ვერ შეძლებს, ჩაიბარებს სახელმწიფოს მიერ იჯარით აღებული ღვინის ქარხნები.
“მევენახე თავად გადაწყვეტს რომელ ღვინის ქარხანაში ჩააბაროს ყურძენი და თავად აწარმოებს მოლაპარაკებებს ყურძნის შემსყიდველთან ჩასაბარებელი ყურძნის ფასზე, გადახდის პირობებსა და ვადებზე. სახელმწიფო არ ერევა ორ კერძო სუბიექტს შორის ურთიერთობებში, სახელმწიფო არ ერევა არც ფასების რეგულაციაში - ყურძნის ღირებულებას არეგულირებს ბაზარი,“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, გასული წლის მსგავსად, რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმროში ,,ალაზნის ველი“ განთავსდება და სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.
გასული წლების მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი აღირიცხება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ერთიან ელექტრონულ ბაზაში და ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინ რეჟიმში ღვინის ეროვნული სააგენტოს ინტერნეტ-გვერდებზე: www.georgianwine.gov.ge, www.rtveli2016.gov.ge შეეძლება.
დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეეძლებათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501