რთველის მიმდინარეობა რაჭა-ლეჩხუმში
რთველი
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში 13 ოქტომბრის 10.00 საათის მონაცემებით, გადამუშავებულია 257 075 კგ ყურძენი, მათ შორის, „სახვანჭკარე“ ჯიშები ალექსანდროული და მუჯურეთული - 255 323 კგ. გადამუშავებულია ასევე ძელშავის ჯიშის ყურძენი - 1752 კგ.
ამ ეტაპისთვის ამბროლაურის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 20 ღვინის კომპანია, მათ შორის, 1 სახელმწიფო კომპანია, დანარჩენი კერძო კომპანიები.
საწყის ეტაპზე გახსნილია 6 მიმღები პუნქტი - 3 ქალაქ ამბროლაურში და 3 სოფლებში: ჭრებალო, ბუგეული და ხვანჭკარა. რთველის პროცესში განსაზღვრულია ჩაბარების საათები - 10:00 საათიდან 18:00 სათამდე.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორ პაპუნა მარგველიძესთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რთველის საკოორდინაციო შტაბი 12 ოქტომბერს გახსნა. რთველის საკოორდინაციო შტაბს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც, კახეთის ანალოგიურად, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი უხელმძღვანელებს.
ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემა:
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე - 1 კგ-ზე - 2 ლარი.
კახეთის რეგიონში რქაწითელზე და კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე - 0,45 ლარი;
საფერავზე - 1 კგ-ზე - 0,20 ლარი;
დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.
რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე http://georgianwine.gov.ge/statistic და http://rtveli2016.gov.ge/statistic.