რაჭაში რთველი დაიწყო
რთველი
კახეთის შემდეგ, რთველი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც იწყება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორ პაპუნა მარგველიძესთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რთველის საკოორდინაციო შტაბი გახსნა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რთველის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია და ხელისუფლება სრულ მზადყოფნაშია, რათა წლევანდელმა რთველმა რაჭაშიც ორგანიზებულად ჩაიაროს.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საკეციაში ყურძნის კრეფის პროცესს დაესწრო. ასევე, ლევან დავითაშვილი სოფელ ბუგეულში ყურძნის გადამამუშავებელ ქარხანაშიც იმყოფებოდა, სადაც ყურძნის ჩასაბარებლად მისულ მევნახეებს გაესაუბრა და ყურძნის მიღებისა და გადამუშავების პროცესს გაეცნო.
„დღეისათვის რაჭაში 100 ტონა ყურძენია გადამუშავებული. რთველი, კახეთის რეგიონის მსგავსად, რაჭა-ლეჩხუმშიც ორგანიზებულად და წარმატებით ჩატარდება, მოსავალის დაბინავების პრობლემა არცერთ მევენახეს არ შეექმნება. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია „სახვანჭკარე“ ჯიშების (ალექსანდროული, მუჯურეთული) ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის კონტროლის მექანიზმები, გაკონტროლდება თითოეული ავტომობილი, რთველის პროცესში ჩართულები იქნებიან ამპელოგრაფები. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა შესაბამის უწყებას, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროცესში” - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
რთველის საკოორდინაციო შტაბს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც, კახეთის ანალოგიურად, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი უხელმძღვანელებს.
ამ ეტაპისთვის ამბროლაურის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 15 ღვინის კომპანია.
საწყის ეტაპზე გახსნილი იქნება 6 მიმღები პუნქტი - 3 ქალაქ ამბროლაურში და 3 სოფლებში: ჭრებალო, ბუგეული და ხვანჭკარა. რთველის პროცესში განსაზღვრულია ჩაბარების საათები - 10:00 საათიდან 18:00 სათამდე.
ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემა:
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე - 1 კგ-ზე - 2 ლარი.
კახეთის რეგიონში რქაწითელზე და კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე - 0,45 ლარი;
საფერავზე - 1 კგ-ზე - 0,20 ლარი;
დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.
რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე http://georgianwine.gov.ge/statistic და http://rtveli2016.gov.ge/statistic.