ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

2017 წელს ექსპორტირებულია რეკორდული რაოდენობის ქართული ღვინო

ექსპორტი

2017 წელს ექსპორტირებულია რეკორდული რაოდენობის ქართული ღვინო
04.01.2018

2017 წელს, საქართველოდან, ბოლო თითქმის 30 წლის მანძილზე რეკორდული რაოდენობის ღვინოა ექსპორტირებული, რაც ღვინის ინდუსტრიისა და მეღვინეობა-მევენახეობის დარგის მარეგულირებელი შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების კოორდინირებული და ეფექტური თანამშრომლობითაა მიღწეული.
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში  ექსპორტირებულია 76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 54%-ით აღემატება 2016 წლის  მაჩვენებელს.   სულ ექსპორტირებულია 170 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 49% შეადგინა.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 43% (7 585 407 ბოთლი), რუსეთი - 76% (47 778 920), უკრაინა - 46%(8 502 554), პოლონეთი - 15% (2 676 440), ლატვია - 20% (1 505 138), ბელარუსი - 56% (1 827 130), აშშ - 56% (457 920), გერმანია - 38% (404 538), ისრაელი - 150% (213 074), მონღოლეთი - 82% (168 162), საფრანგეთი - 178% (99 796),  აზერბაიჯანი 75% (141 294) და სხვა.  
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი  (47 778 920 ბოთლი), უკრაინა (8 502 554),  ჩინეთი  (7 585 407), ყაზახეთი  (3 322 867) და პოლონეთი (2 676 440).  
ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 12,8 მლნ ბოთლი, შემდეგ მოდის „მუკუზანი“ – 4,2 მლნ, „წინანდალი“ – 3,4 მლნ,  „ახაშენი“ – 1,5 მლნ,  „ხვანჭკარა“ – 887,5 ათასი, „ტვიში“ – 308,8 ათასი ბოთლი და ა.შ.
2017 წელს, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 250-მდე კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, მსოფლიოს 26  ქვეყანაში ექსპორტირებულია 18,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 78%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  39,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება   70%-ს აღწევს.
მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 288 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 180% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები  846,3 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ 2016 წელთან  შედარებით 148%-ს მიაღწია.
მთლიანობაში - ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 283,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წელთან შედარებით 46%-ს მიაღწია.

ქართული ღვინო