რთველის შეჯამება
რთველი
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 2015 წლის რთველის შედეგები შეაჯამა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კახეთისა და რაჭის რეგიონებში რთველი ორგანიზებულად ჩატარდა. 27 ოქტომბრის მონაცემებით, სულ გადამუშავებულია 143 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. ყურძნის რეალიზაციის შედეგად, მოსახლეობის შემოსავალმა 102 მლნ ლარს გადააჭარბა. ღვინის საწარმოებში ყურძენი 18 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.
,,კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში რთველი ფაქტობრივად დასრულდა და შტაბებიც დაიხურა. წელს, პრაქტიკულად, ყურძნის ჩაბარებისა და გადამუშავების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. დღეის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 141,6 ათას ტონამდე. ყურძნის მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 100 მლნ ლარს მიაღწია. გადამუშავებულია: რქაწითელი 78,4 ათასი ტონა, საფერავი - 45,1 ათასი ტონა, კახური მწვანე - 3,03 ათასი ტონა და 15 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი. რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს, უკვე გადამუშავდა 1500 ტონამდე ყურძენი, მათ შორის, 1325 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული. მოსახლეობის შემოსავლებმა 6,6 მლნ ლარი შეადგინა“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ვინც რთველში პროცესში იყო ჩართული.
,,მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, გიორგი სამანიშვილს, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამის სამსხაურებს. მნიშვნელოვანი იყო თანადგომა სხვა რეგიონებიდან, სადაც დაახლოებით 30 ათას ტონამდე ყურძნის რეალიზაცია მოხდა. წლევანდელი რთველი ნამდვილად იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და თვალსაჩინო მაგალითი კოორდინირებული მუშაობის, თანამშრომლობის და გუნდურობის, რამაც დადებითი შედეგიც გამოიღო“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი - 46,7 ათას ტონა, თელავი - 32 ათასი ტონა, ყვარელი - 22,9 ათასი ტონა, სიღნაღი - 8,8 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 7,8 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა, ახმეტა - 5,3 ათასი ტონა და საგარეჯო - 15,6 ათასი ტონა.