ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

რთველი

გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
20.08.2014

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ქალაქ გურჯაანში 2014 წლის რთველის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმღვანელები და ღვინის კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,საკოორდინაციო შტაბი შეიქმნა იმისთვის, რომ წლევანდელი რთველი ჩატარდეს ორგანიზებულად. ყველა საკითხის განხილვა მოხდება შტაბში, რათა მევენახეებისთვის მაქსიმალურად გამარტივდეს ყურძნის რეალიზაცია. გამომდინარე იქიდან, რომ წელს ყურძენზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, ვფიქრობთ, რომ ყურძნის ფასი ყველა მევენახისთვის მისაღები იქნება და რთველიც წარმატებით ჩაივლის\", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
ლევან დავითაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს რთველის პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები და პროცედურული საკითხები გააცნო.
\"რთველი წელს უფრო ორგანიზებულად ჩაივლის, ვიდრე შარშან. რთველის საკოორდინაციო შტაბი იმუშავებს თქვენს განკარგულებაში 24 საათის განმავლობაში. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება როგორც კერძო სექტორის, ისე მევენახეების ინტერესები\" - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.
ლევან დავითაშვილმა უპასუხა შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს.
რთველი 2014-ის საკოორდინაციო შტაბი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს და შარშანდელის მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელსაც მოხდება როგორც თეთრი, ისე წითელი ყურძნის სუბსიდირება. მიმდინარე წლის რთველის სეზონზე ყურძნის ხარისხის კონტროლთან ერთად, მკაცრი კონტროლი ქარხნებიდან ჭაჭის უტილიზაციაზეც განხორციელდება.
რთველი ტრადიციულად დედოფლისწყაროს რაიონიდან დაიწყება. ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების ანალიზიდან გამომდინარე, წელს სუბსიდია 1 კილოგრამ რქაწითელზე შარშანდელთან შედარებით უმნიშვნელოდ შემცირდა და 35 თეთრს შეადგენს, 1 კგ საფერავზე - 15 თეთრს. 
რთველთან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი - 2 47 01 01, რომელიც დაინტერესებულ პირებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება. დამატებითი ინფორმაციის, კითხვებისა და კომენტარებისათვის მოსახლეობას შეუძლია მიმართოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს სპეციალურ ელექტრონულ მისამართზე:rtveli2014@georgianwine.gov.ge
დღესვე, ოთარ დანელიამ, იური ნოზაძემ და ლევან დავითაშვილმა სახელმწიფო ღვინის კომპანია შპს „გრუზვინპრომი\" მოინახულეს. საწარმო ტექნიკურად სრულად გამართულია და საჭიროების შემთხვევაში მზად არის მოსახლეობისგან ყურძენი ჩაიბაროს.

ქართული ღვინო