ღვინის საერთაშორისო გამოფენა Vinexpo Bordeaux 2015
გამოფენა
ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე Vinexpo Bordeaux 2015, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ბორდოში 14-18 ივნისს ჩატარდა. Vinexpo ღვინის ინდუსტრიაში წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენად და მსოფლიო კლასის გამოფენად ითვლება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს ქართული ღვინო პირველად იყო წარმოდგენილი მასშტაბურად, ერთიანი ბრენდირებული სტენდის ქვეშ, ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენაზე. Vinexpo-ზე ტრადიციულად თავს იყრიან ათეულ ათასობით ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ბლოგერები, მწერლები, ჟურნალისტები და მოყვარულები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს მოიძიონ ახალი იმპორტიორები და რეალიზაციის ბაზრები.
გამოფენის გახსნას საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დაესწრნენ. Vinexpoს რიგით მე-18 გამოფენას საფრანგეთის პრეზდინეტი ფრანსუა ოლანდი სტუმრობდა, რომელმაც საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ღვინის სტენდები დაათვალიერა.
წელს ბორდოში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული ღვინის კომპანიები: „ბესინი“, „კახური“„თელავის ღვინის მარანი“, „GWS”, “ასკანელი ძმები“, „Geowine“, „შუმი“, „ვაზიანი კომპანი“, „ჩელთი“, „თბილღვინო“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „შატო მუხრანი“, გამოფენაზე დამოუკიდებლად მონაწილეობას იღებდა ასევე ღვინის კომპანია „მეღვინეობა ხარება“.
ქართულის ღვინოების მიმართ გამოფენის პირველი დღიდან ინტერესი ძალიან დიდი იყო. ქართული სტენდის მრავალრიცხოვან სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი ღვინის მწერალი ოს კლარკი და სომელიეთა მსოფლიო ჩემპიონი ჟერარდ ბასე.
ღვინის პროფესიონალებისთვის 14 და 15 ივნისს ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები გამართეს საერთაშორისო ღვინის მაგისტრებმა ლიზა გრანიკმა და რობერტ ჯოზეფმა, 16 ივნისს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმა, მსოფლიოს საუკეთესო სომელიე (2013 წ) პაოლო ბასომ და ჟურნალ \"დეკანტერის\" რედაქტორმა სტივენ სპურიემ, მოეწყო ორი სპეციალური საღამო (THEBLEND, WINE MOSAIC), სადაც სხვა რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, საქართველოც იყო ღვინით მასპინძელი. Vinexpo-ს სპირტიანი სასმლების პავილიონში გაიმართა ჭაჭისა და ჭაჭის ინოვაციური კოქტეილების პრეზენტაცია.
გამოფენა წელსაც ხალხმრავალი იყო - მას 50 ათასამდე პროფესიონალი დაესწრო ასზე მეტი ქვეყნიდან. ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა არაერთი შეხვედრა გამართეს ღვინის იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან.