ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის დეგუსტაცია სან-ფრანცისკოში გაიმართა

ზოგადი

ქართული ღვინის დეგუსტაცია სან-ფრანცისკოში გაიმართა
15.10.2015

აშშ-ში ქართული ღვინის პიარ-კამპანიის ფარგლებში - „ოქტომბერი - ქართული ღვინის თვე“, მორიგი დეგუსტაცია სან-ფრანცისკოში გაიმართა. ღონისძიება 3 საათს გაგრძელდა და მასზე 22 ქართული, როგორც დიდი ღვინის მწარმოებელი კომპანიის, ასევე მცირე საოჯახო მარნების სხვადასხვა სტილის ღვინო იყო წარმოდგენილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Tastingwork”-ის (აშშ)  ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი ოქტომბრის თვეში ამერიკის მასშტაბით ატარებს აქტიურ პიარ-კამპანიას - „ოქტომბერი - ქართული ღვინის თვე აშშ-ში“. (http://www.drinkgeorgianwines.com). 

გასულ კვირას ანალოგიური ღონისძიება ნიუ-იორკში გაიმართა. დეგუსტაციების პარალელურად იმართება სემინარები ქართული ღვინის კულტურის შესახებ. აღნიშნულ დეგუსტაციებსა და სემინარებს ასობით ღვინის პროფესიონალი და იმპორტიორბი ესწრება. მათ შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ და შეადარონ ტრადიციული და ევროპული წესით დამზადებული სხვადასხვა სტილის ღვინო.

პიარ-კამპანიის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი 19 ოქტომბერს ვაშინგტონში გაიმართება.

როგორც ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი აღნიშნავს, ქართულმა ღვინომ პროფესიონალებისა და იმპორტიორების მხრიდან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ბევრმა მათგანმა გამოთქვა სურვილი, რომ უფრო მეტი გაიგოს ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის შესახებ.

აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გასულ წლებში ეს ქვეყანა გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომელობით შესაძლებელია აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია აშშ-ში მეტი მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება, რაც მომავალ წელს კიდევ უფრო აქტიურ სახეს მიიღებს. ეს ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას აშშ-ს ბაზარზე და ზოგადად ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრის გაფართოებას.

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, აშშ-ში საქართველოდან ექსპორტირებულია 181 937 ბოთლი ღვინო, რაც 39%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ქართული ღვინო