ქართული ღვინის დეგუსტაცია აშშ-ში
ზოგადი
ქართული ღვინის დეგუსტაცია ნიუ-იორკში გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Tastingwork”-ის (აშშ) ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი ოქტომბრის თვეში ამერიკის მასშტაბით ატარებს აქტიურ პიარ-კამპანიას - „ოქტომბერი - ქართული ღვინის თვე აშშ-ში“.
ნიუ-იორკში გამართულ დეგუსტაცია-სემინარზე 22 ქართული, როგორც დიდი ღვინის მწარმოებელი კომპანიის, ასევე მცირე საოჯახო მარნების სხვადასხვა სტილის ღვინო იყო წარმოდგენილი. დეგუსტაციის პარალელურად გაიმართა სემინარი ქართული ღვინის კულტურის შესახებ.
დეგუსტაციას 100-ზე მეტი, ხოლო ქართული ღვინის სემინარს - 35 ღვინის პროფესიონალი, იმპორტიორი და ღვინის მწერალი დაესწრო.
პიარ-კამპანიის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაციები 13 ოქტომბერს სან-ფრანცისკოში და 19 ოქტომბერს ვაშინგტონში გაიმართება.
აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გასულ წლებში ეს ქვეყანა გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომელობით შესაძლებელია აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია აშშ-ში მეტი მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება, რაც მომავალ წელს კიდევ უფრო აქტიურ სახეს მიიღებს. ეს ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას აშშ-ს ბაზარზე და ზოგადად ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრის გაფართოებას.
მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, აშშ-ში საქართველოდან ექსპორტირებულია 181 937 ბოთლი ღვინო, რაც 39%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.