ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

მინისტრმა რაჭაში რთველის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

ზოგადი

მინისტრმა რაჭაში რთველის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა
07.10.2015

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

მინისტრის განცხადებით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა შიდა ბაზარზე ყურძნის მოთხოვნისა და მოსალოდნელი ფასების კვლევა ჩაატარეს. კვლევების ანალიზის შედეგად ცნობილი გახდა, რომ კერძო სექტორი 1 კილოგრამ ალექსანდროულსა და მუჯურეთულში 2-3 ლარს გადაიხდიდა.

„აღსანიშნავია, რომ წელს რაჭაში ყურძნის ძალიან კარგი მოსავალია. მოსავლიანობა გაცილებით მაღალია ვიდრე შარშან და შარშანწინ. მოგეხსენებათ, რაჭა მთიანი რეგიონია, სადაც სახელმწიფოსგან ხელშეწყობა ადგილობრივ მოსახლეობას განსაკუთრებით ესაჭიროება. სახელმწიფო არაერთი მიმართულებით მუშაობს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის მაქსიმალური ხელშეწყობისთვის“, - განაცხდა ოთარ დანელიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო მწიფე (კონდიციურ) 1 კგ ალექსანდროულსა და მუჯურეთულში გადაიხდის 5 ლარს, რაც რაჭის მოსახლეობისთვის კარგი და მისაღები ინფორმაციაა. ფასი, რომელსაც სახელმწიფო კონდიციური ყურძნის შეძენაში სთავაზობს მევენახეებს გაცილებით მაღალია, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობის მოლოდინი იყო. 

„მნიშვნელოვანია კონტროლის პარამეტრები, რომელსაც წელსაც ვინარჩუნებთ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა შესაბამის უწყებას, რომლებიც ჩართულები არიან პროცესებში; კონტროლდება თითოეული ავტომობილი. განსაზღვრულია ჩაბარების პირობები და საათები (08:00 საათიდან 18:00 სათამდე). ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები იქნებიან ამპელოგრაფები. უკვე ფუნქციონირებს რთველის საორგანიზაციო შტაბი“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ოთარ დანელიამ ბრიფინგზე კახეთის რეგიონში დასასრულს მიახლოებული რთველიც შეაფასა.

„მიუხედავად იმისა, რომ იყო ვნებათაღელვა, იყო ცრუ განგაშებიც, მინდა ხაზი გავუსვა, რომ, არსებული რეალობის გათვალისწინებით, წლევანდელი რთველი იყო ძალიან წარმატებული და მოგახსენებთ რატომ. პირველ რიგში, ძალიან დიდი რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა და ეს იმ პირობებში, როცა მნიშვნელოვნად იყო შემცირებული მოთხოვნა. მეორე - ეს იყო რთველის ორგანიზებულად ჩატარების პრეცედენტი ჯანსაღი მოთხოვნა-მიწოდების საბაზრო პირობებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დარგი უნდა გაჯანსაღდეს და ქართულმა ღვინომ კიდევ უფრო მეტ კონკურენციას უნდა გაუძლოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, - როგორც შარშან, ასევე შარშანწინ შემცირებული იყო ტენდენცია ყურძნის რეგიონებში გატანისა და რელიზაციისა. დღეისათვის, ჩვენი, ოპერატიული მონაცემებით, 20-დან 30 ათას ტონამდე ყურძნის რელიზება მოხდა რეგიონებში. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი სარგებელი მიიღეს გლეხებმა. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, გამომდინარე იმ ღონისძიებებიდან, რომელიც სახელმწიფომ გაატარა, ყურძნის მოსავლიანობა გაზრდილია და, შესაბამისად, საკმაოდ დიდია შემოსავალი, რომელიც გლეხებმა მიიღეს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ქართული ღვინო