ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებების 6 თვის მონაცემები
ზოგადი
მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო საქართველოსა და მსოფლიოს 12 ქვეყანაში (აშშ, პორტუგალია, ნორვეგია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ჩინეთი) სხვადასხვა ღონისძიებაზე, მათ შორის 57 დეგუსტაციაზე, ერთ საერთაშორისო კონკურსზე, 17 გამოფენასა და 9 ფესტივალზე.
საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების პარალელურად, ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო პროგრამას „ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი ქართული ღვინის ფესტივალების, თემატური გამოფენების, კონკურსების, საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებას. პროგრამის მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებების სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი იყოს უფრო მოქნილი და გამჭვირვალე. პროგრამის ფარგლებში, 2024 წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით 22 ღონისძიება გაიმართება. მიმდინარე წლის 6 თვეში, სახელმწიფოს დაფინანსებით, უკვე გაიმართა სხვადასხვა სახის 6 ღონისძიება.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 2024 წელს 16 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2 მილიონი ლარით აღემატება 2023 წლის ბიუჯეტს.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მასშტაბით ღვინის გამოფენების, კონკურსების, ტურებისა და ფესტივალების ჩატარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ღვინის ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივ მოსახლეობაში ბოთლის ღვინის მოხმარების კულტურის ზრდას.
ქართული ღვინის პრიორიტეტულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია. აღნიშნულ ბაზრებზე, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო, კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანიებთან ერთად, სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს. ამასთანავე, ქართული ღვინო წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენასა და ფესტივალზე როგორც ამერიკის, ისე ევროპისა და აზიის ქვეყნებში.