- სიახლეები
- ღვინის მე-14 საერთაშორისო კონკურსის Georgia International wine Award გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ღვინის მე-14 საერთაშორისო კონკურსის Georgia International wine Award გამარჯვებულები გამოვლინდნენ
კონკურსი
კონკურსზე ოქროს მედალი 21-მა ღვინომ დაიმსახურა, მათგან ექვსმა გამორჩეულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდო, „ტროფი“ მიიღო. ვერცხლის მედლით 77 და ბრინჯაოს მედლით 96 ღვინო დაჯილდოვდა. კონკურსზე წარდგენილი იყო როგორც მსხვილი კომპანიების, ასევე მცირე და საოჯახო მარნების, ჯამში, 76 კომპანიის წარმოებული 226 ღვინის ნიმუში.
კონკურსი Georgia International wine Award ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia ფარგლებში ჩატარდა.
გამარჯვებულ კომპანიებს ჯილდოები გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ დირექტორმა რესან ქიქავამ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ და კონკურსის ჟიურის სხვა წევრებმა გადასცეს.
„აღნიშნული კონკურსი საუკეთესოდ წარმოაჩენს ქართული ღვინის ხასიათს და მეღვინეობის თანამედროვე მდგომარეობას. როგორც ჟიურის წევრი, აღვნიშნავ, რომ კონკურსზე წარმოდგენილი იყო საუკეთესო ღვინოები. მადლობა ჟიურის თავმჯდომარეს და ყველა წევრს, რომლებმა შეაფასეს ქართული ღვინოები. აღნიშნული კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქართული ღვინის და მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაციის, ასევე კონკრეტული ღვინის მწარმოებლების და მათი პროდუქციის ცნობადობის ზრდისთვის საერთაშორისო ბაზარზე“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
კონკურსის დაჯილდოების ცერემონიაზე ექვს გამორჩეულ ღვინოს სპეციალური პრიზი „სომელიეს არჩევანი“ გადასცა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმაც.
კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ღვინის მაგისტრები, ენოლოგები, საერთაშორისო ექსპერტები და ღვინის პროფესიონალები შედიოდნენ. კონკურსის თავმჯდომარე იყო ღვინის მაგისტრი ტიმ ატკინი (დიდი ბრიტანეთი), ხოლო წევრები: ანა მარტინ ონზანი (ესპანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ქონგ ქონგ ბო (დიდი ბრიტანეთი), ბეთ ვილარდი (ავსტრალია), ჩან ჯუნ პარკი (კორეის რესპუბლიკა), ლევან მეხუზლა (ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე (საქართველო), მიხეილ მესხი (საქართველო), ანა გოდაბრელიძე (საქართველო) და გიორგი დაქიშვილი (საქართველო).
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2024, თბილისში 7-9 ივნისს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ ორგანიზებით გაიმართა.