ქართული ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები პროდუქციას პორტუგალიაში პირველად წარადგენენ
გამოფენა
23-25 თებერვალს, პორტუგალიის ქალაქ პორტოში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა Simplesmente Vinho იმართება. საქართველო აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილია სპეციალური სტატუსით - ღვინის სამშობლო ქვეყანა!
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით, გამოფენაში ქართული ქვევრის ღვინის მწარმოებელი 11 კომპანია - ბაიას ღვინო, იბერიელი, ლაპატი, ოქროს ღვინო, ორი მარანი, ლაგაზი, ლისივაინი- მესხიშვილის მეღვინეობა, ბუას ღვინო, ჭონას მარანი, ნიკოლაძეების მარანი და თევზას ღვინო მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში, ღვინის პროფესიონალებისა და სავაჭრო სფეროს წარმომადგენლებისთვის იგეგმება ქართული ღვინის სამი მასშტაბური დეგუსტაცია. ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებებზე ქართული ღვინის წარდგენა პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზაციული მხარდაჭერით გაიმართება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქვევრის ღვინის წარმოების განვითარების ხელშეწყობაა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობენ მსოფლიოს მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებში, მათი პროდუქცია წარმოდგენილია სპეციალიზებულ დეგუსტაციებზე ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია. ასევე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელ მარნებში ეწყობა ქვეყნის ღვინის პროფესიონალებისა და კომერციული სფეროს წარმომადგენლების ვიზიტები, რაც მათ საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციისა და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების შესაძლებლობას აძლევს.
უკანასკნელ წლებში, ექსპორტზე სულ უფრო მეტი ქართული ქვევრის ღვინო გადის, მათ შორის, ისეთ ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი და სხვა. ამავე დროს, გაზრდილი ცნობადობიდან გამომდინარე, ქვევრის ღვინის წარმოებით, ბოლო დროს, სხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ.
აღსანიშნავია, რომ „იუნესკოს“ მიერ 2013 წელს ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ხოლო 2021 წელს ქვევრს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიენიჭა.