ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ProWine Shanghai 2023

გამოფენა

ProWine Shanghai  2023
08.11.2023

ოთარ შამუგია: „საერთაშორისო გამოფენები ყველაზე საინტერესოა ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, რადგან მათ ღვინის წამყვანი სპეციალისტები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ”
8-10 ნოემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მნიშვნელოვანი გამოფენა - ProWine Shanghai იმართება.  ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ქ.შანხაიში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გამოფენაზე ProWine Shanghai ქართული სტენდი დაათვალიერა და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
„საერთაშორისო გამოფენები ყველაზე საინტერესოა ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, რადგან მათ ღვინის წამყვანი სპეციალისტები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. „ProWine Shanghai“-ს, ტრადიციულად, საერთო ჯამში, 100 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის, დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი ესწრება. ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო, პერსპექტიულ და პრიორიტეტულ ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში, აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის მარკეტინგულ კამპანიებს აღნიშნულ ბაზარზე; შედეგად, 2013 წლიდან, ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. 
აღსანიშნავია, რომ, 2023 წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართულმა ღვინის მწარმოებლებმა მონაწილეობა მიიღეს ჩინეთში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში „The 108th China Food&Drinks Fair”; ქართული ღვინის მასშტაბური სემინარი/დეგუსტაცია გაიმართა ჰონგ-კონგში; ჩატარდა ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამა-ტრენინგი, რომელსაც ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა; ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო ქალაქ შენჭენში გამართულ გამოფენაზე "China Food & Drinks Fair 109". მიმდინარე წლის ბოლომდე, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ შანხაიში ქართული ღვინის მასტერკლასში და ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება დეგუსტაციაზე ხაინანის პროვინციაში. 
ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის განსახორციელებლად, ჩინეთის ბაზარზე თანამშრომლობს მარკეტინგულ კომპანიებთან: Meiburg Wine Media და ქართული ღვინის საპრომოციო ცენტრთან (China National Research Institute of Food and Fermentation Industries Corporation Limited).
გამოფენაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა იმყოფებოდნენ.

ქართული ღვინო