- სიახლეები
- ვენახების კადასტრის და ღვინის სექტორში დუალური პროფესიული განათლების პროგრამების ანგარიშების წარდგენა
ვენახების კადასტრის და ღვინის სექტორში დუალური პროფესიული განათლების პროგრამების ანგარიშების წარდგენა
ვენახების კადასტრი
ვენახების კადასტრის და ღვინის სექტორში დუალური პროფესიული განათლების პროგრამების ანგარიშების წარდგენის ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე დაესწრო. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს, ასოციაციის ,,ქართული ღვინო’’ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
„ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თითქმის დაასრულა მუშაობა ვენახების კადასტრის პროგრამაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სტატისტიკისა და აღრიცხვიანობის თვალსაზრისით, ასევე აუცილებელია ღვინის ხარისხის კონტროლისთვის. ამასთან ერთად, ძალიან საინტერესოა დუალური პროფესიული განათლება, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, თეორიულ ცოდნასთან ერთად, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მათ გამოადგებათ პროფესიულ წინსვლაში“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) გერმანიის მთავრობის მხრიდან სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით კონტრიბუციისთვის.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძემ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების საქმეში ვენახების კადასტრის პროგრამის და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
GIZ-ის პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ ექსპერტმა, მარინა ავალიშვილი-დე ბურმა იმ პროექტებსა და აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ღვინის სექტორის მხარდაჭერისკენ არის მიმართული.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ ღონისძიებას მეღვინეობის დარგის, ასევე განათლების სფეროს სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ვენახების კადასტრის პროგრამის ანგარიში ღვინის ეროვნული სააგენტოს ვენახების კადასტრის სამმართველოს უფროსმა დავით მაღრაძემ, ხოლო ღვინის სექტორში დუალური პროფესიული განათლების ანგარიში ასოციაციის ,,ქართული ღვინო’’ კომუნიკაციებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ტატა ჯაიანმა წარმადგინეს.
ვენახების კადასტრის ანგარიშში წარმოდგენილი იყო მონაცემები 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. კადასტრის პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს. პროგრამა უკვე დასრულდა კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. აღნიშნულ რეგიონებში სულ აღწერილია 45 313 ჰა ფართობის ვენახები. 2023 წელს, პროგრამა იმერეთის, სამეგრელოს და გურიის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხორციელდება, რის შემდგომაც პროგრამა სრულად დაფარავს საქართველოს მევენახეობის რეგიონებს.
რაც შეეხება დუალური განათლების პროგრამას, 2015 წლიდან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგში დუალური განათლების დანერგვაზე დაიწყო მუშაობა. პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, 2016 წელს, ორ კოლეჯში (აისი, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი) დაიწყო პროგრამა „უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მევენახე-მეღვინე’’ რვა ღვინის მარნის მონაწილეობით; 2021 წლიდან პროგრამას კიდევ ერთი კოლეჯი „პრესტიჟი“ დაემატა. პროგრამის პარტნიორი გერმანიის მხრიდან იყო ბავარიის მევენახეობისა და მებაღეობის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც დუალური განათლების დანერგვისა და განხორციელების ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. პროგრამის ხანგრძლივობა 3 წელია და ის უკვე 46-მა სტუდენტმა დაასრულა; ამჟამად პროგრამით 20 სტუდენტი სწავლობს.