ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

4 ოქტომბერს ქართული ღვინის დღე აღინიშნება

ზოგადი

4 ოქტომბერს ქართული ღვინის დღე აღინიშნება
30.09.2015

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უკვე მეორე წელია   4 ოქტომბერს  „ქართული ღვინის დღე“  აღინიშნება. წელს, საზეიმო ღონისძიებები საქართველოს  მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონების  თითქმის ყველა დიდ ქალაქში  გაიმართება.  

ქართული ღვინის დღე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწესდა და პირველად გასულ წელს აღინიშნა.  ღვინის დღის აღნიშვნის ძირითად მიზანს, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლება წარმოადგენს. ღონისძიება ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად  აღინიშნება. 

საზეიმო განწყობის შექმნის მიზნით,  4 ოქტომბერს აეროპორტში ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს  ქართული ღვინის დღის სუვენირები გადაეცემათ და ქართული ღვინის დაგემოვნების  საშუალება ექნებათ. 

ბოთლის ღვინის მოხმარების პოპულარიზაციის მიზნით, \"ქართული ღვინის დღეს“ ბოთლის ღვინის ჩუქების ტრადიციაც დამკვიდრდება და ამ ფორმით ღვინის დღის  მილოცვა მომავალში ტრადიციად იქცევა.

4 ოქტომბერს ,,ქართული ღვინის დღის“  აღნიშვნა ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფისში  ქართული ღვინის ცენტრის გახსნით დაიწყება.   ცენტრში განთავსდება ღვინის მცირე მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული სამეურნეო იარაღი, ყურძნის საწური და ღვინის შესანახი ჭურჭელი,  სუფრის საღვინე ჭურჭელი და სასმისები იქნება წარმოდგენილი.  თითოეულ  არტეფაქტს საქართველოში ხანგრძლივი და უწყვეტი ტრადიცია აქვს.

დღის მთავარი ღონისძიება თბილისში, ვარდების მოედანზე 11:00 სთ-ზე გაიმართება.  აქ მოეწყობა ღვინის აღლუმი, სადაც 525 მოხალისე ახალგაზრდა სხვადასხვა ვაზის ჯიშით მოხატულ მაისურებში ჩაერთვება მსვლელობაში. 

ტერიტორიაზე გაიშლება კარვები, სადაც ღვინის მწარმოებელი კომპანიები მომხმარებლებს საკუთარ პროდუქციას წარუდგენენ. მოეწყობა ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული ნახატების, ფოტოების, კულტურულ-ტრადიციული ნიმუშებისა და  ღვინო-პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. 

3 ოქტომბერს ღამით, აეროპორტში ჩამოსულ სტუმრებს  გადაეცემათ ქართული ღვინის დღის მისალოცი ბროშურები. ღონისძიებაში ჩართულ რესტორნებში მოეწყობა ღვინის კუთხე,  სტუმრებს ქართული ღვინის დღეს ჭიქა ღვინით მიულოცავენ და გადასცემენ მისალოც ბარათს სასაჩუქრე ნაკრებთან ერთად. ამასთან ერთად, ღვინის დღის მხარდამჭერ სასტუმროების ნომრებში 4 ოქტომბერს სტუმრებს  დახვდებათ ქართული ღვინის სასაჩუქრე ნაკრები. დიდ სუპერმარკეტებში მოეწყობა ღვინის კუთხეები და მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ღვინის დეგუსტაციები. იქ მოსულ სტუმრებს სასაჩუქრედ გადაეცემათ მისალოცი ბარათები და  სასაჩუქრე სუვენირები. 

,,ქართული ღვინის დღის“ ფარგლებში  მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება კახეთის რეგიონშიც. კახეთის  მეღვინეთა  გილდიის ორგანიზებით   თელავში   ღვინის ფესტივალი „თელავინო  2015“ ჩატარდება.   ფესტივალის სტუმრებს  საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ღვინის კომპანიებისა და მცირე საოჯახო მარნების წარმოებული  სხვადასხვა სახეობის ღვინო. გაიმართება   ყველისა  და  თაფლის პროდუქციის, ასევე ხალხური  რეწვის  ოსტატთა  ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.  

 

ქართული ღვინო