ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

იაპონიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

დეგუსტაცია

იაპონიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
13.10.2023

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ ღონისძიებას 80-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის, სომელიეები, იმპორტიორები, ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები ესწრებოდნენ. ქართული ღვინის წარდგენის მიზანი იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა და პოტენციური იმპორტიორების მოზიდვა იყო.
საქართველოს მეღვინეობის კულტურასა და  თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge” დირექტორმა, ღვინის ცნობილი მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ წარმოადგინა. 
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ როგორც ქვევრის, ისე ევროპული სტილით დაყენებული ექვსი დასახელების ქართული ღვინო. 
ქართული ღვინის წარდგენას იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.
კომპანიასთან „Red Bridge“ ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის საქმიანობა იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის მარკეტინგულ ღონისძიებებს მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით,  იაპონიაში ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს გაიმართა. შემდგომ წლებში, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ როგორც გამოფენებში - „Foodex Japan“ და „Wine and Gourmet Japan“, ასევე, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში. 2019 წელს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მასშტაბური გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“ გაიმართა, გამოფენამ, 2 თვის განმავლობაში, ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა.

ქართული ღვინო