იური ნოზაძის ინტერვიუ გამოცემასთან "Sommelier Times"
ზოგადი
10.08.2023
ბატონო მინისტრის მოადგილევ, ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერა.
მოხარული ვარ, რომ შეგხვდით ქალაქ სეულში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Seoul International Wine & Spirits Expo 2023“ და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამართულ ქართული ღვინის საღამოს ღონისძიებაზე, სადაც ქართული ღვინის სტენდი იყო წარმოდგენილი.- ჩვენი პირველი შეკითხვა კორეაში თქვენს ვიზიტს ეხება.2023 წლის ივნისში თქვენ ქალაქ სეულში ბრძანდებოდით, ეს თქვენი პირველი ვიზიტია? როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილება? მანამდეც იყავით კორეაში ნამყოფი? რამდენად შეიცვალა ქალაქი სეული მას შემდეგ? და რა იყო თქვენი ვიზიტის მთავარი მიზანი?
ეს ჩემი მეორე ოფიციალური ვიზიტია სეულში. გასული წლის ნოემბერში, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს დელეგაცია, ჩემი ხელმძღვანელობით, სტუმრობდა კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების სამსახურს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსთვის ტექნიკური მხარდაჭერის ინიციატივები განვიხილეთ. კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების სამსახურისგან საჩუქრად გადმოგვეცა დრონი და სახანძრო მანქანები, რომლებსაც უახლოეს პერიოდში ველოდებით.
მინდა აღვნიშნო, რომ სამუშაო ვიზიტით საქართველოში კორეის დელეგაციაც იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც დაცული ტერიტორიების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებით მართვას, ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვასა და კონსერვაციას ითვალისწინებს.
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კორეის ეროვნული პარკების სამსახურს (KNPS) შორის, ბოლო წლების განმავლობაში, მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის, საქართველოში, ალგეთის ეროვნულ პარკში მოეწყო საქართველო-კორეის ეროვნული პარკების ერთობლივი ფოტო-გამოფენა; კორეის ეროვნულმა პარკებმა საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 200 რაცია გადმოსცა რეინჯერთა პატრულირების გაუმჯობესების მიზნით. ამ და სხვა ღონისძიებებმა საფუძველი ჩაუყარა ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებს.
კორეა საოცარი ქვეყანაა. ვიზიტის ფარგლებში, შესაძლებლობა მქონდა გავცნობოდი როგორც კორეის ეროვნულ პარკებს და მის უნიკალურ ბუნებას, ისე კორეის დედაქალაქ სეულს და მის ღირსშესანიშნაობებს.
- კორეაში თქვენი ჩამოსვლის ერთადერთი მიზეზი ქალაქ სეულში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მიღება იყო? თუ არა, რას გვეტყვით თქვენი ვიზიტის დღის წესრიგის შესახებ?
ამჯერად, ჩვენი დელეგაციის სეულში ვიზიტის ერთადერთი მიზანი სწორედ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კორეელი მომხმარებლისთვის გაცნობა იყო.
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქ. სეულში, გამოფენაში „Seoul Wine and Spirits Expo 2023” ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანია მონაწილეობდა.
გამოფენის გახსნის ღონისძიებას დავესწარი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლასთან და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ თარაშ პაპასქუასთან ერთად.
კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქალაქ სეულში „ქართული ღვინის საღამოც“ გაიმართა.
მინდა მოგახსენოთ, რომ ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიაში ჩაერთო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით სხვადასხვა მიზნობრივ ღონისძიებას განხორციელებს როგორც სამხრეთ კორეაში, ასევე, აშშ-სა და გერმანიაში. სეულში გამართულმა ღონისძიებამ ქართველ მწარმოებლებს მისცა შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია წარედგინათ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალების, ღვინის იმპორტიორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. მსგავსი აქტივობები ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია.
ვიზიტის ფარგლებში, რა თქმა უნდა, შეხვედრები მქონდა დარგის სპეციალისტებთან და ღვინის იმპორტიორ კომპანიებთან. ჩვენს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანიებთან შევაჯამეთ მიმდინარე მარკეტინგული სამუშაოები და ვისაუბრეთ მომავალ გეგმებზე.
აქვე მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ვიზიტის შესახებ მომზადდა ორი სატელევიზიო ვიდეომასალა, რომელიც გავრცელდა ტელევიზიებით; ინფორმაცია განთავსდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ და ვებ გვერდებზე; გავრცელდა საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ჩვენი სამინისტროს ყოველთვიურ გაზეთშიც.
- რას იტყოდით სეულის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენასთან დაკავშირებით? რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?
მოგეხსენებათ, „Seoul International Wine & Spirits Expo“, თავისი მასშტაბებით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი უდიდესი ყოველწლიური ღონისძიებაა აზიის რეგიონში. მსგავსი ტიპის მასშტაბურ გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ემსახურება ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.
სამხრეთ კორეა ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი საინტერესო და პერსპექტიული ბაზარია, სადაც სწორი მარკეტინგული სტრატეგიისა და მიზნობრივი მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდება ხელშესახები წარმატების მიღწევა. გამოფენაზე ქართულ სტენდზე მომხმარებლების და პოტენციური კონტრაქტორების სიმრავლემ დაადასტურა, რომ ქართული ღვინით დაინტერესება დიდია.
- ქართული ღვინოები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება კორეაში. რას ეტყოდით კორეელ ღვინის პროფესიონალებსა და მომხმარებლებს ქართული ღვინის შესახებ?
ქართული ღვინო მართლაც ხდება სულ უფრო მეტად პოპულარული როგორც მთელ მსოფლიოში, ისე კორეაში, ეს აჩვენა გამოფენამაც. გამოფენის „Seoul International Wine & Spirits Expo“ ფარგლებში გაფორმდა რამდენიმე ხელშეკრულება.
ქართულ ღვინო უნიკალურია და აქვს უნიკალური ისტორიაც. რამდენიმეწლიანმა საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ საქათველო ღვინის სამშობლოა. ჩვენ გვაქვს ღვინის წარმოების 8 000 წლიანი უწყვეტი ტრადიცია, ხოლო ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ეს აღიარება მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებისთვის. ქართული ღვინო გამორჩეულია თავისი ჯიშური მრავალფეროვნებით და გემური თვისებებით. ამიტომაც არის საინტერესო მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, კორეელი მომხმარებლისთვის.
- ქართული ღვინის გარდა, საქართველოში წარმოებული სხვა რომელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით შეგიძლიათ დააინტერესოთ კორეის ბაზარი?
საქართველო აგრარული ქვეყნაა. ჩვენ სოფლის მეურნეობის არაერთ პროდუქტს ვაწარმოებთ, როგორ ერთწლოვანს, ასევე მრავალწლოვანს, ხელს ვუწყობთ მეფრინველეობა-მეცხოველეობის განვითარებას. ვფიქრობ, ღვინის გარდა კორეის ბაზარისთვის საინტერსო იქნება ქართული ბრენდი, კაკლოვანი კულტურები, თაფლი, ხილი და კენკრა. ეს ის პროდუქტებია, რომლებიც გამოირჩევა გემური თვისებებით და წარმატებით იყიდება ევროპაში.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია საქართველოსა და კორეას შორის FTA-ს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება?
საქართველოს და კორეას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკება ინტენსიურად მიმდინარეობს სამთავრობო დონეზე. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში, შეთანხმება მიღწეული იქნება, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და დიდ სტიმულს მისცემს ქართველ და კორეელ მეწარმეებს.
- კოვიდ -19-ის პანდემიის დაწყებამდე, კორეელებისთვის საქართველო ერთ- ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილი იყო. პანდემიის დასრულების შემდეგ, დღეს ისევ მიემგზავრებიან საქართველოში კორეელები. რატომ არის საქართველო ასეთი მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილი?
საქართველო ტურისტებისთვის ერთ-ერთი გამორჩეულად მიმზიდველი ქვეყანაა და ამას განაპირობებს მისი მრავალფეროვნება. თბილისი, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ძველი აბრეშუმის გზის მულტიკულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ეთნიკური მრავალფეროვნება და გასაოცარი არქიტექტურა გულგრილს ვერ ტოვებს დამთვალიერებლებს; ჩვენს პატარა ქვეყანაში გვაქვს შავი ზღვის ულამაზესი ზოლი საკურორტო ინფრასტრუქტურით, გვაქვს მთის უნიკალური კურორტები მსოფლიო დონის სამთო-სათხილამურო ტრასებით; კავკასიონის მთებში 2200 მეტრზე მდებარე სოფელებში, კლდეში ნაკვეთ ქალაქებში და გამორჩეული სილამაზის მქონე ბუნების ძეგლებზე მოგზაურობა განსაკუთრებით შთამბეჭდავია.
ჩვენი უძველესი ისტორია, კულტურა და არქიტექტურა, ხელოვნების ნიმუშები, რომელიც დაცულია არაერთ მუზეუმში, ჩვენი ტრადიციები, მათ შორის ქართული სუფრა, ჩვენი ქართული ღვინო და მსოფლიოში ცნობილი ქართული სტუმართმოყვარეობა.. ყოველივე ეს და კიდევ მრავალი სხვა, რომლის ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს და კიდევ ის ფაქტი, რომ საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყნაა, არის მიზეზი იმისა, რომ საქართველო იზიდავს და ხიბლავს ტურისტებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.