ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

სახელმწიფო პროგრამის „ქვევრის და ქვევრის ღვინის სპეციალისტი“ პირველი ნაკადის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

ზოგადი

სახელმწიფო პროგრამის „ქვევრის და ქვევრის ღვინის სპეციალისტი“ პირველი ნაკადის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
04.07.2023

სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში, „ტყუპების საღვინე სახლში“ გაიმართა. სახელმწიფო პროგრამას „ქვევრის და ქვევრის ღვინის სპეციალისტი“ მექვევრეთა ასოციაცია „ქვევრის მზე“ ახორციელებს.
პროგრამის კურსდამთავრებულებს  ქვევრის და ქვევრის ღვინის სპეციალისტის კვალიფიკაცია მიენიჭათ. მათ სერტიფიკატები ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ გადასცეს.
„ქვევრის ღვინო ქართული მეღვინეობის სრულიად უნიკალური პროდუქტი და ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობაა. ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდი, რომელიც უკვე 8 ათასი წლისაა, 2013 წლიდან დაცულია „იუნესკოს“ მიერ როგორც კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროფესიული პროგრამის განხორციელება, რომელიც კონცენტრირებულია ქვევრის ღვინის ხარისხსა და მისი არსის საუკეთესო წარმოჩენაზე“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.
მექვევრეთა ასოციაციის „ქვევრის მზე“ დამფუძნებელმა გია გამტკიცულაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიო მასშტაბით, ქვევრის ღვინის მიმართ ინტერესია ძალიან დიდია. შესაბამისად, სასწავლო პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც მცირე და საშუალო მარნების, ისე დიდი კომპანიების წარმომადგენლები, ახალგაზრდა მეღვინეები. 
„ჩვენ მათ ვასწავლით პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რაც არის პროგრამის ძირითადი მიზანი. მექვევრეთა ასოციაცია აღნიშნულ სასწავლო პროგრამას პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით ახორციელებს.  სწავლების მეთოდი ითვალისწინებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს. პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები მსმენელებს დაეხმარებათ, საკუთარ მეღვინეობებში მიიღონ საუკეთესო ხარისხის ქვევრის ღვინო“, - განაცხადა გია გამტკიცულაშვილმა.
სახელმწიფო პროგრამის „ქვევრის და ქვევრის ღვინის სპეციალისტი“ კურსის ხანგრძლივობა 6 კვირაა. მექვევრეთა ასოციაციამ „ქვევრის მზე“ პირველი მსმენელები 2023 წლის 11 აპრილს მიიღო; 15 მსმენელისგან შემდგარმა პირველმა ჯგუფმა სასწავლო პროცესი 23 მაისს დაასრულა. სწავლების კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქვევრის მოვლა, ღვინის დამზადება ქვევრში, ღვინის და ჭაჭის ამოღება ფრაქციებად, ქვევრის ღვინის ორგანოლეპტიკური შეფასება.
სახელმწიფო პროგრამა „ქვევრის და ქვევრის ღვინის სპეციალისტი“ განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მხარდაჭერით ხორციელდება.

ქართული ღვინო