ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა

ფესტივალი

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა
03.07.2023

ღვინის ეროვნული სააგენტოს და პოლონური მარკეტინგული კომპანიის „Malinova” ერთობლივი ორგანიზებით, ქართული ღვინის ფესტივალი პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში გაიმართა.
„ღონისძიების ჩატარების მიზანს, პოლონეთის ბაზარზე არსებულ მსხვილ იმპორტიორ კომპანიებთან და ქსელურ მარკეტებთან თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა. შესაბამისად, ფესტივალის აუდიტორია და მონაწილე კომპანიები აღნიშნული მიზნის გათვალისწინებით განისაზღვრა“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამთა ყველაიძემ, რომელიც აღნიშნულ ფესტივალზე ღვინის ეროვნულ სააგენტოს წარმოადგენდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ისეთი მსხვილი ქსელური მარკეტებისა და ღვინის იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა: Makro Cash&Carry; Biedronka; Vininnova; Zasada Group, Food&Wine, Dom Wina და სხვა. ფესტივალს, ჯამში, 120 ადამიანი დაესწრო.
წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის 8 მწარმოებლის, მათ შორის, მცირე მარნების პროდუქცია, რომლებიც სტუმრებს თავად კომპანიის წარმომადგენლებმა გააცნეს.
ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, დიანა ჟღენტი დაესწრო.
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში, მიმდინარე წელასაც აქტიური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს.

ქართული ღვინო