საქართველოს აზიის ქვეყნებიდან ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ
ღვინის ტური
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media’’ ხელმძღვანელის, ღვინის მაგისტრ დებრა მეიბურგის ორგანიზებით, საქართველოს ჩინეთიდან და სინგაპურიდან ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ.
ტურის ფარგლებში, 14 კაციანი ჯგუფის წევრებმა, რომლის შემადგენლობაში სომელიეები და იმპორტიორები შედიოდნენ, ქართლსა და კახეთში ღვინის საწარმოები დაათვალიერეს. სტუმრები იმყოფებოდნენ თბილისში გამართულ ბუნებრივი ღვინოების ყოველწლიურ ფესტივალზეც „ZERO COMPROMISE“, სადაც შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ 100-მდე მწარმოებლის პროდუქციას.
ღვინის მაგისტრის, დებრა მეიბურგის შეფასებით, ქართულ ღვინოს აზიის ბაზარზე დიდი პერსპექტივა აქვს.
„როდესაც ვსაუბრობთ აზიაზე, მხედველობაში უნდა მივიღოთ ქართული ღვინის სხვადასხვა ბაზარი - შანხაი, პეკინი, ჩენგდუ, ტაივანი, ჰონგ-კონგი, სინგაპური, კორეა და იაპონია. ამ ბაზრებიდან, თითოეულს აქვს განსხვავებული გემოვნება, განსხვავებული განვითარების დონე და ქართული ღვინის შესახებ განსხვავებული ცოდნა, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია მწარმოებლებისთვის, რადგან ამ ბაზრებზე ყველასთვის არის ადგილი. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ქართულ ღვინოებზე მუშაობისას, შესამჩნევია ხარისხის საოცარი ზრდა, საერთაშორისო გემოს და სტილის გაცნობიერება, ასევე, ეტიკეტების, წარდგენის სიზუსტე“, - აღნიშნა დებრა მეიბურგმა.
აზიის ქვეყნები, განსაკუთრებით კი ჩინეთი, რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებად. ჩინეთში, ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2023 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება.