საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
ზოგადი
ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) შეხვედრაზე, აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს, ერთი წლის ვადით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოეცა. WWTG-ს თავმჯდომარეობის უფლებამოსილების განხორციელებას საქართველო მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყებს.
„ეს კიდევ ერთი აღიარებაა საქართველოსი, როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყნის, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდას, მათ შორის, ამ ჯგუფის წევრ ქვეყნებს შორის. ერთი წლის განმავლობაში, საქართველო სათავეში ჩაუდგება და კოორდინაციას გაუწევს ჯგუფის მუშაობას. მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოში გაიმართება WWTG-ის ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც განხილული იქნება ღვინის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი საკითხები”, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ, რომელიც ბელგიის დედაქალაში გამართული ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობდა.
ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი (WWTG) წარმოადგენს ღვინის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანებას და მისი წევრები საქართველოსთან ერთად, აშშ, არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ურუგვაი არიან. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ღვინით ვაჭრობის გამარტივება, ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა ინფორმაციის გაზიარებისა და სავაჭრო ბარიერების მოხსნისათვის ერთობლივი ქმედებების განხორციელების გზით.
„ამერიკის შეერთებული შტატების ღვინის ინდუსტრიის სახელით, მოხარულები ვართ, რომ საქართველო ხდება ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა. სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირში ღვინის ეტიკეტირების პრაქტიკების შეცვლაზე, ნარჩენების მართვაზე, მდგრად განვითარებასა და ღვინის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი სხვა ინიციატივების განხორციელებაზე. რადგანაც უკვე ნამყოფი ვარ საქართველოში, კარგად ვიცი ქართული სტუმართმოყვარეობის შესახებ. WWTG-ის თავმჯდომარეობას ვულოცავ ქართულ გუნდს“, - აღნიშნა აშშ-ის ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენელმა კატერინა ბედარდმა (Katherina Bedard, კალიფორნიის ღვინის უნივერსიტეტი).
აღსანიშნავია, რომ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარეობა ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით იცვლება. საქართველო WWTG-ის 2014 წელს თავმჯდომარეობდა. აღნიშნულ პერიოდში მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შეთანხმება და დოკუმენტების შემუშავება, რომლებიც ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ღვინით ვაჭრობის პროცედურებს ამარტივებს. ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) მიერ საქართველოს ერთწლიანი თავმჯდომარეობის პერიოდი დადებითად შეფასდა. 2014 წლის აგვისტოში, თბილისში გამართულ WWTG- ს პლენარულ შეხვედრაზე მიღებულ დოკუმენტს, ღვინის შემადგენლობისა და პოტენციური დამაბინძურებლების ანალიტიკური მეთოდოლოგიისა და მარეგულირებელი შეზღუდვების შესახებ, ორგანიზაციაში დღესაც „თბილისის განცხადება" ეწოდება.