- სიახლეები
- ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის მე-14 კონფერენციის მონაწილეები კახეთსა და ქართლს ეწვივნენ
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის მე-14 კონფერენციის მონაწილეები კახეთსა და ქართლს ეწვივნენ
ღვინის ტური
ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის მე-14 კონფერენციას, ორი დღის განმავლობაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა.
კონფერენციის დასრულების შემდეგ, 100-მდე მონაწილე ქართლსა და კახეთს სტუმრობდა, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, ვაზის ქართულ ჯიშებს, ღვინის წარმოების ტექნოლოგიებს და ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას გაეცნენ, სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინოები დააგემოვნეს.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ სტუმრები აშშ-დან, გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, იაპონიიდან, უნგრეთიდან, საფრანგეთიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ნიდერლანდებიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, აღნიშნული კონფერენციის საქართველოში ჩატარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს, როგორც ღვინის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყანას, მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
„ტურების ფარგლებში, რომელსაც მასპინძლობდა ღვინის ეროვნული სააგენტო, სტუმრები ეწვივნენ მეღვინეობის ისეთ უმნიშვნელოვანეს კერებს, როგორიცაა იყალთოს მონასტერი და წინანდლის მამულები“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტ მამუკა წერეთელის განცხადებით, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ როგორც ქართული ღვინის ისტორიას, ისე თანამედროვე ინდუსტრიას.
ღვინის ტურის ფარგლებში, ასოციაციის „ქართული ღვინო“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ მიმდინარე წელს საქართველოში ჩატარებული „მერანოს ღვინის ფესტივალის“ ფარგლებში გამართული „ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებული ღვინოები.
ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის მე-14 კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა. AAWE -ის მე-13 წლიური კონფერენცია, პანდემიამდე, 2019 წელს, ვენაში გაიმართა.