რთველი 2022-ის ფარგლებში, კახეთში გადამუშავდა 20 ათას ტონამდე ყურძენი
რთველი
6 სექტემბრის მდგომარეობით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 1000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 16 მლნ ლარს აღწევს.
რთველი აქტიურ ფაზაშია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.
გადამუშავებული 20 ათასი ტონიდან 7 ათას ტონამდე რქაწითელი, 9 ათას ტონამდე საფერავი, 2 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 200-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში. 70-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება. პროგრამის მიზანია სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა.
სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე ფერმერი შეძლებს.
სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კილოგრამ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს.