- სიახლეები
- ოთარ შამუგია „გვაქვს ამბიცია, რომ ღვინის ექსპორტის მხრივ აშშ-ის ბაზარზე გაცილებით მეტი შედეგი გვქონდეს“
ოთარ შამუგია „გვაქვს ამბიცია, რომ ღვინის ექსპორტის მხრივ აშშ-ის ბაზარზე გაცილებით მეტი შედეგი გვქონდეს“
ზოგადი
„მიმდინარე წელს გავაფორმეთ კონტრაქტი ერთ-ერთ ძალიან წარმატებულ ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან, რომელიც ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სწორედ მათთან ერთად შევხვდით ქართული ღვინის იმპორტიორებს და ერთობლივად განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად გავზარდოთ ღვინის ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის და ექსპორტის ზრდის საკითხებზე ისაუბრა.
„შარშან მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გავიტანეთ ამერიკის ბაზარზე. წელს, გვაქვს დაახლოებით 15 %-იანი ზრდა, თუმცა ეს მაჩვენებლები არ გვაკმაყოფილებს და გვაქვს ამბიცია, რომ გაცილებით მეტი შედეგები გვქონდეს ამ ბაზარზე; ამის რესურსიც გვაქვს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა სექტორთან, მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან ერთად და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ჩართული უნდა იყოს ის კომპანია, რომელიც მუშაობს ღვინის პოპულარიზაციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, არსებობს ამბიციური გეგმები და გაცილებით დიდი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ღვინის ექსპორტის კუთხით. ოთარ შამუგიას განცხადებით, USAID-ში გამართულ შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერის კუთხით.
„ჩვენ ასევე გვქონდა შეხვედრა CNFA-ის ხელმძღვანელობასთან და თქვენ იცით, რომ ეს ორგანიზაცია წლებია საქართველოში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისთვის ახორციელებს არაერთ პროექტს და მათი მხრიდანაც გამოითქვა მზადყოფნა ამ პროცესების გაგრძელების, ჩვენი მხარდაჭერის. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გვქონდა შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან. მსოფლიო ბანკი დღეს საქართველოში ახორციელებს ირიგაციის მხარდაჭერის პროექტს, რომლის ღირებულება, დაახლოებით 50 მლნ დოლარია და რომელიც მომავალ წელს სრულდება. ჩვენ უკვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა გაცილებით მასშტაბურ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც, ვფიქრობთ, რომ, დაახლოებით, 100 მლნ დოლარის ინვესტირება მოხდება საირიგაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის. ასევე მსოფლიო ბანკი დაგვეხმარება მიწის მართვის კუთხით რეფორმების განხორციელებაში და სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის სხვა რგოლების განვითარების მხარდაჭერაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, კოლეგებს ძალიან საინტერესო შეხვედრებისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.