ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართველი ღვინო სეულის საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

გამოფენა

 ქართველი ღვინო სეულის საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი
04.07.2022

კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Seoul International Wine & Spirits Expo 2022“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს საელჩოს კორეის რესპუბლიკაში შუამდგომლობით, ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანია იყო წარმოდგენილი. 
გამოფენაში „Seoul International Wine & Spirits Expo“ საქართველო  უკვე მესამედ მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ წელს ქართული ღვინის მიმართს დაინტერესება მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი, რასაც საქართველოს ღვინის სტენდთან ღვინის პროფესიონალებისა და ვიზიტორების სიმრავლეც ადასტურებდა.
„Seoul International Wine & Spirits Expo“, თავისი მასშტაბებით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი უდიდესი ყოველწლიური ღონისძიებაა აზიის  რეგიონში.
გამოფენას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი, რომელმაც ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს ადგილობრივი ღვინის ბაზრის ტენდენციების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. 
გამოფენის ფარგლებში, შედგა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, დავით ტყემალაძის და ელჩის, ოთარ ბერძენიშვილის ინტერვიუები სხვადასხვა მედია საშუალებებთან, მათ შორის  "Wine Review", "Korea Herald", და "Korea times", რაც კორეაში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 
კორეის რესპუბლიკა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება. გამოფენის ფარგლებში, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია წარედგინათ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებისთვის, რაც სამხრეთ კორეის და, ზოგადად აზიის ბაზარზე, ქართული ღვინის გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი საფუძველია.

ქართული ღვინო