პრესტიჟულ გერმანულ გამოცემაში „Wein+Markt“ ქართული ღვინოების შესახებ სტატია დაიბეჭდება
ზოგადი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, გამომცემლობასთან „WEIN+MARKT“ თანამშრომლობის ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია-კონკურსი სახელწოდებით „Best of” გაიმართა. კონკურსი-დეგუსტაცია გერმანიის ქალაქ მაინცში ჩატარდა და მისი მიზანი საქართველოდან წარდგენილ ღვინოებს შორის საუკეთესოების შერჩევა და გერმანიის ბაზარზე პოპულარიზაცია იყო.
კონკურსზე წარდგენილი ქართული ღვინის მწარმოებელი სხვადასხვა კომპანიის ქვევრისა და კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინის 100 ნიმუშიდან 48 საუკეთესო შეირჩა.
შერჩეულ ღვინოებზე სტატია პრესტიჟული გამოცემის „Wein+Markt“ ზაფხულის ნომერში დაიბეჭდება.
„Wein+Markt“ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სპეციალიზებულ გამოცემას ღვინის კომერციული სექტორისთვის, რომელიც სამიზნე აუდიტორიას ბაზრის სიახლეებსა და თანამედროვე მოთხოვნებს სთავაზობს.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება.
ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. 2021 წელს, საქართველოდან გერმანიაში 900 ათასამდე ღვინის ბოთლის ექსპორტი განხორციელდა (ზრდა 23%).