ქართული ღვინის კომპანიები გამოფენაზე „ProWein-2022“
გამოფენა
15-17 მაისს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა „ProWein-2022“ იმართება. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ასოციაციის „ქართული ღვინო“ ორგანიზებით, გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობს.
„ProWein” 1994 წლიდან ტარდება და ის მსოფლიოში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა და ღვინის მწარმოებლებისთვის წლის მთავარი მოვლენაა.
მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულ გამოფენაში საქართველო 2000 წლიდან მონაწილეობს. თავდაპირველად, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობას მხოლოდ 5 კომპანია იღებდა. გამოფენის მასშტაბებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართული კომპანიების მხრიდან ინტერესი მზარდია, შესაბამისად, მზარდია მონაწილე კომპანიების რაოდენობაც.