ქართული ღვინო კრაკოვის საშობაო ფესტივალზე იყო წარმოდგენილი
დეგუსტაცია
ქართული ღვინის ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში, ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, აქტიური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს.
კრაკოვში გამართულ საშობაო ფესტივალზე სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა კომპანიამ „მალინოვა“ („Malinova spólka z ograniczoną odpowiedzialnością S.K“) წარადგინა. კომპანიის წარმომადგენლები, ღვინის დეგუსტაციასთან ერთად, ფესტივალის სტუმრებს ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას აცნობდნენ.
პოლონეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 6 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 30%-ს აღწევს.
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები 2022 წელსაც გაგრძელდება.