ქართული ღვინის პრეზენტაციები ჩინეთში
ზოგადი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის ორგანიზებით, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, ჩინეთში მიმდინარე კვირაში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.
ქართული ღვინის საგანმანათლებლო კურსები
ქართული ღვინის სასწავლო კურსი ჩატარდა პეკინის საგანმანათლებლო ცენტრში EASE SCENT WINE EDUCATION-ის. სასწავლო სემინარი მოიცავდა ქართული ღვინის გემოვნური თვისებების, დაყენების მეთოდებისა და ღვინის კულტურის გაცნობას. სემინარ-დეგუსტაციაზე ოთხი ქართული ღვინის კომპანიის („ბაგრატიონი 1882“, „თელიანი ველი“, „თელედა“, „შატო მუხრანი“) 6 სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი.
თითოეული სასწავლო კურსი 30 მსმენელს ეთმობოდა, რომელსაც საგანმანათლებლო ცენტრის სპეციალისტები უძღვებოდნენ. სულ გაიმართა 9 ჯგუფის სასწaვლო კურსი, რომელთა მსმენელები იყვნენ ღვინის მოყვარულები, ჟურნალისტები, იმპორტიორები და ღვინის სპეციალისტები. სემინარებს დაესწრო ქართული ღვინის წარმომადგენელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მაია ცქიტიშვილი.
ექსპოზიცია-დეგუსტაცია ღვინის მაღაზიებში
კომპანია MaiM9-თან თანამშრომლობით, პეკინის (Beijing), ნინბოს (Ningbo), შანჰაისა (Shanghai) და ტანშანის (Tangshan) ღვინის მაღაზიებსა და სალონებში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები გაიმართა.
ქალაქ ნინბოში ქართული ღვინის სამდღიანი ექსპოზიცია-დეგუსტაცია გაიმართა (ჭეძიანის პროვინცია, Zhejiang) ორიენტალ პლაზაში. ექსპოზიცია-დეგუსტაციას უმასპინძლა სადისტიბუციო კომპანია Jade Cellar-მა, რომელიც მსოფლიო ღვინოების დისტრიბუციას ეწევა ჩინეთის ბაზარზე.
ქართული ღვინის ექსპოზიცია შანჰაის O2O გამოფენისა და ლუომადადაოს (Luomadadao) დისტრიბუციის ცენტრებში მოეწყო, სადაც ასობით ვიზიტორს შეეძლო ქართული ღვინის დაგემოვნება.
სხვადასხვა პროვინციების იმპორტიორებისთვის ქართული ღვინის გაცნობისა და დეგუსტაციის მიზნით პეკინში გამართულ ღონისძიებას, ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის ოფისი მასპინძლობდა. ინდივიდუალურ შეხვედრებს ესწრებოდნენ პოპულარიზაციის ცენტრის თანამშრომლები და ქართული ღვინის წარმომადგენელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მაია ცქიტიშვილი.
ქართული ღვინისა და საიუველირო ნაკეთობების საღამო
ქართული ღვინისა და საიუველირო ნაკეთობების საღამო გაიმართა ქალაქ პეკინში. ღონისძიებას 100-მდე სტუმარი დაესწრო. ქართულ ღვინოსთან ერთად წარმოდგენილი იყო კომპანია Cultural and Creative Garden of West Sea 48 -ის მიერ წარმოდგენილი, ჩინეთის ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილისაიუველირო ნაკეთობები სახელწოდებით „The Night for Designers“.
ღონისძიებაზე საიუველირო ნაკეთობების წარდგენას ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია ცვლიდა, რომელსაც უძღვებოდა ღვინის მოყვარული, ექსპერტი და მწერალი ქალბატონი იაო (Yao), რომელმაცდიდი ენთუზიაზმით ისაუბრა საქართველოს უძველეს და მრავალფეროვან ისტორიაზე, ტურისტულ პოტენციალზე, ქართული ღვინის მახასიათებლებსა და ქვევრის მეთოდზე.