ქართული ღვინის ფესტივალი ჰონგ-კონგსა და შანხაიში
ზოგადი
ქართული ღვინის ფესტივალი შანხაისა და ჰონგ-კონგში ჩატარდა, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი.
ფესტივალს ორი დღის განმავლობაში შანხაის „რუზველტის სახლი“ და ჰონგ-კონგის სასტუმრო „კორდისი“ მასპინძლობდა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საერთაშორისო მარკეტინგული კომპანია „Meiburg Wine Media”-ის ორგანიზებით ჩატარდა.
ქართული ღვინის მასტერკლასებსა და დეგუსტაციებს კომპანია „Meiburg Wine Media”-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა. ფესტივალს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი და სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის მოხმარება და ცნობადობა სულ უფრო და უფრო იზრდება.
„ჩინეთში ზრდის ტენდენცია შარშაწინ დაიწყო და შენარჩუნებულია დღემდე. იზრდება ქართული ღვინის ცნობადობა, რაც განაპირობა ჩატარებულმა მნიშვნელოვანმა სამუშაოებმა. მეღვინეობის დარგი მთლიანად არის ჩართული ქართული ღვინის პრომოციაში ჩინეთის ბაზარზე - იქნება ეს ღვინის ეროვნული სააგენტო, თუ ღვინის კომპანიები. ჩინეთთან ურთიერთობები სამთავრობო დონეზე ძალიან უმჯობესდება, რაც, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ღვინის გაყიდვებზე“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
ღვინის მაგისტრმა, დებრა მეიბურგა ქართული ღვინის გამორჩეულობაზე ისაუბრა.
„ქართულ ღვინოს დიდი ნაირსახეობის შემოთავაზება შეუძლია. მაგალითად, ახალი ტიპის ღვინოები, შედარებით დაბალალკოჰოლური ღვინოები, რომელსაც ახასიათებს ცოცხალი ხილის არომატი, შემფასებლების მოწონებას იმსახურებს საფერავი, ის განსხვავებულია. სხვადასხვა გემოვნების მქონე ჩინელ მომხმარებელს შეუძლია ამ ნაირსახეობებიდან შეარჩიოს ღვინო თავისი მოთხოვნების შესაბამისად” - აღნიშნა მეიბურგმა.
ქართული ღვინის ფესტივალს მრავალი ვიზიტორი ესტუმრა: ადგილობრივი მედიის, ღვინის ინდუსტრიის, სასტუმროებისა და რესტორნების, იმპორტიორი კომპანიების, ღვინის საგანმანათლებლო, ღვინის მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ჩინეთის ბაზარზე.
მთელი დღის განმავლობაში სტუმრები ეცნობოდნენ ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას, აგემოვნებდნენ ქართულ ღვინოებს ადგილობრივ პოპულარულ კერძებთან ერთად.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული ღვინის კომპანიების სხვადასხვა სტილის ღვინოები: „ბაგრატიონი“, „შატო მუხრანი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, “GWS”, “კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „კახური ღვინის მარანი“, „მეღვინეობა ხარება“, „მილდიანი’ „უსახელაურის ვენახები“.
ჰონგ-კონგში ვიზიტის დროს გიორგი სამანიშვილმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ჩინეთში მაია ცქიტიშვილმა შეხვედრები გამართეს ჰონგ-კონგის ღვინის აკადემიის წარმომადგენელთან ქრის ლაისთან (Chris Lai) და ტერსინა შეისთან (Tersina Shieh), რომელიც არის ღვინის კონსულტანტი, მარკეტოლოგი, კულინარიისა და ღვინის შეხამების მრჩეველი და ბლოგერი. შეხვედრებზე განხილული იყო ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზე გავრცელებისა და პოპულარიზაციის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით ჩინეთში ექსპორტირებულია 1,9 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 148%-ით აღემატება გასულის წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით - ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია, ექსპორტმა ჯამში 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ) შეადგინა.