რთველის საკოორდინაციო შტაბში ღვინის 80-მდე კომპანია უკვე დარეგისტრირდა
რთველი
რთველში ჩართვის მსურველ ღვინის კომპანიებს ონლაინ დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვთ. დღეისათვის დარეგისტირებული კომპანიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ რეგისტრაცია ონლაინ, ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე www.wine.gov.ge გაიარა, რაც, ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
დადგენილი წესით, ყურძნის მიღების პროცესის დაწყებამდე, ღვინის კომპანიებმა რეგისტრაცია რთველის საკოორდინაციო შტაბში უნდა გაიარონ; ყურძნის გადამუშავება განხორციელდება მხოლოდ სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული სასწორით აღჭურვილ საწარმოებში. მიღებული და გადამუშავებული ყველა ჯიშის ყურძენს რთველის საკოორდინაციო შტაბის მიერ მივლენილი ოპერატორი აღრიცხავს, რაც ყურძნის ხარისხის კონტროლს და მიკვლევადობას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.
წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათასამდე ტონას აღწევს. ყურძნის მოსავლის გადამუშავების პროცესში ღვინის 250-მდე კომპანია ჩაერთვება.