ღვინის ეროვნული სააგენტო სიცრუეს უწოდებს ტელეკომპანიაში "მთავარი" გასულ სიუჟეტს
ზოგადი
ღვინის ეროვნული სააგენტო მორიგ ტყუილს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს ტელეკომპანიაში შაბათს "მთავარი" გასულ სიუჟეტს, თითქოს ღვინის ეროვნული სააგენტო თანხას ურიცხავდეს კომპანია "გლობალ ბრენდს". ამის შესახებ, ტელეკომპანია "მთავარის" მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე ღვინის ეროვნულ სააგენტოში შემოსულ წერილში მკაფიოდ ეწერა, თუმცა სიუჟეტში, წერილის პასუხის იგნორირებით, მაინც გამოთქმული იყო ეჭვები, თითქოს "გლობალ ბრენდი" ფინანსდება ღვინის ეროვნული სააგენტოდან. საინტერესო იყო რას ეფუძნებოდა აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნით სააგენტოსადმი წერილობითი მომართვა, თუ სიუჟეტში, ფაქტების დამახინჯებით, მაინც იმას იტყოდნენ, რაც თავად "სურდათ". კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს კომპანიისთვის "გლობალ ბრენდი" არასდროს, არც ერთი თეთრი გადაურიცხავს.
რაც შეეხება სიუჟეტში გამოთქმულ ეჭვს, რომ შესალოა ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიაში გადარიცხული თანხებიდან ყოფილიყო დაფინანსებული მომღერალ "უცნობის" ორგანიზებული 9 აპრილის საზოგადოებრივი აქცია, სააგენტოში შემოსულ ტელეკომპანია "მთავარის" შეკითხვაზე იყო მკაფიო განმარტება, რომ 2021 წლის მარტშის ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიისთვის "Customer Vineyard, inc" თანხა არ გადაურიცხავს. "Customer Vineyard, inc" არის პრესტიჟული ამერიკული მარკეტინგული კომპანია, რომელიც მრავალი წელია მოღვაწეობს ამერიკის ღვინის ბაზრზე და რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ეწევა ქართული ღვინის პოპულარიზაციას, მათ შორის, "გლობალ ბრენდის" პროდუქციის. ღვინის ეროვნული სააგენტო აღნიშნული აბსურდული ბრალდების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის "Customer Vineyard, inc" -ს, რომელიც თავად გადაწყვეტს რა ფორმით მოახდენს რეაგირებას ტელეკომპანია "მთავარის" მიერ კომპანიის ქართულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებას.