პოლონეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
დეგუსტაცია
ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში, აქტიური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „მალინოვა“ ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ქალაქ კრაკოვთან მდებარე ისტორიულ დასახლებაში „Srebrna Gora“ გაიმართა. წარმოდგენილი იყო როგორც კლასიკური მეთოდით, ისე ქვევრში ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებული ქართული ღვინოები. დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალები, რესტორატორები, სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები, ჯამში, 70-მდე სტუმარი დაესწრო. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების 14 ღვინო, მათ შორის, ისეთი კომპანიების პროდუქცია, რომლებიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ახლა იმკვიდრებენ ადგილს პოლონეთის ღვინის ბაზარზე. ღვინოები წარმოდგენილი იყო ადგილობრივი იმპორტირების მიერ.
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. 2020 წელს, ექსპორტირებული იყო 5 მლნ-ზე მეტი ბოთლი ქართული ღვინო. ზრდამ, 2019 წლის ექსპორტთან შედარებით, 30% შეადგინა. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, ექსპორტის რაოდენობა 2,2 მლნ-ზე მეტ ბოთლს შეადგენს (ზრდა 11%).