საფერავის საერთაშორისო კონკურსში 70-მდე კომპანია მონაწილეობს
კონკურსი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში საფერავის მეორე საერთაშორისო კონკურსი ტარდება. კონკურსი, რომლის ინიციატორი და ორგანიზატორია ასოციაცია „ქართული ღვინო“, საფერავის და მისგან დამზადებული მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
კონკურსზე 70-მდე მწარმოებელმა საფერავის ყურძნის ჯიშისგან სხვადასხვა ტექნოლოგიით წარმოებული 250-მდე ღვინის ნიმუში წარადგინა. საკონკურსო ჟიურის თავმჯდომარე ენოლოგი, მეღვინე გოგი დაქიშვილი იყო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ჟიურის წევრის, ლევან მეხუზლას შეფასებით, კონკურსზე წარმოდგენილი ღვინოებო საუკეთესო ხარისხისაა; მსგავსი კონკურსები ხელს უწყობს საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში ღვინის ინდუსტრიის განვითარებისთვის, რადგან ექსპორტის უდიდესი წილი სწორედ საფერავისგან დამზადებულ ღვინოებზე მოდის.
გამარჯვებული ღვინოები რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებსა და მცირე მარნებს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს დიპლომები გადაეცემათ.
საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი 2018 წელს ჩატარდა. კონკურსზე წარდგენილი იყო როგორც დიდი მწარმოებლის, ასევე მცირე და საშუალო საოჯახო მარნების 200-მდე ღვინის ნიმუში. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი, ენდრიუ ჯეფორდი იყო.
საფერავი უძველესი ქართული ვაზის ჯიშია. იგი ვაზის წითელი ჯიშების მსოფლიო ასორტიმენტის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. მაღალი ხარისხობრივი და უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე, საფერავის ჯიშის ყურძენი გაშენებულია არაერთ ქვეყანაში და მისგან მაღალი ხარისხის ღვინოები იწარმოება.