პოლონეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
დეგუსტაცია
პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „მალინოვა“ ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სომელიეები, რესტორატორები, ღვინის სფეროს მწერლები და მედიის წარმომადგენლები ქ. კრაკოვიდან და ქ. კატოვიცედან.
დეგუსტაციაზე, ძირითადად, წარმოდგენილი იყო ქართლის, კახეთისა და იმერეთის იმ მცირე მარნების 10-მდე დასახელების ღვინო, რომელთა ექსპორტი დღეისათვის პოლონეთის ბაზარზე არ ხორციელდება. მსგავსი ღონისძიებების მიზანია, ხელი შეუწყოს პოლონეთის ღვინის ბაზარზე ახალი მწარმოებლების დამკვიდრებას.
ქ.კრაკოვში გამართულ ქართული ღვინის წარდგენას ღვინის ჟურნალისტი მარიუს კაპჩინსკი და კომპანიის „მალინოვა“ ხელმძღვანელი მარჩინ სვიატკოვსი უძღვებიდნენ.
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. 2020 წელს, საქართველოდან პოლონეთში ღვინის რეალიზაცია 60-მდე კომპანიამ განახორციელა და ექსპორტირებული იყო 5 მლნ-ზე მეტი ბოთლი ქართული ღვინო. ზრდამ, 2019 წლის ექსპორტთან შედარებით, 30% შეადგინა. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, ექსპორტის რაოდენობა 2,2 მლნ-ზე მეტ ბოთლს შეადგენს (ზრდა 11%).
ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შენარჩუნებისთვის, ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში, მიმდინარე წელასაც აქტიური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს.