საფრანგეთის გასტრონომიულ ფესტივალზე ქართული ღვინო იქნება წარმოდგენილი
ფესტივალი
ქართული ღვინო საფრანგეთის პრესტიჟულ გასტრონომიულ ფესტივალზე „SAVIM Printemps Salon des Vignerons et de la Gastronomie“, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ”Le Pont Caucasien“ ორგანიზებით იქნება წარდგენილი.
ფესტივალი ქალაქ მარსელში 21-24 მაისს იმართება და მასში საფრანგეთის ბაზარზე არსებული სხვადასხვა ქვეყნის ღვინოების იმპორტიორები მონაწილეობენ. Covid-19-ის პანდემიის გამო, ვიზიტორთა რაოდენობა წელს ლიმიტირებულია.
კომპანიის Le Pont Caucasien“ ხელმძღვანელი, ენოლოგი ილია კახოიძე ფესტივალის სტუმრებს იმ ღვინოებს გააცნობს, რომლებიც უკვე იყიდება საფრანგეთში.
ფესტივალი „SAVIM Printemps Salon des Vignerons et de la Gastronomie“ 1989 წლიდან ტარდება და ითვლება ერთ-ერთ წამყვან გასტრონომიულ ღონისძიებად. მას სარესტორნო ქსელების, ღვინის ბარების და ღვინით ვაჭრობის სფეროს სხვა წარმომადგენლები სტუმრობენ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობას ამაღლებას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას.
ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნილება ყოველწლიურად მზარდია მეღვინეობით სახელგანთქმულ საფრანგეთში, სადაც 2020 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 114 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 22%-ით აღემატებოდა 2019 წლის ექსპორტს. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ექსპორტირებულია 16 ათასი ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 180%-ს მიაღწია.