ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ლევან დავითაშვილი: „ჩვენი მიზანია, მიმდინარე წლიდან, პრიორიტეტი გახდეს ყურძნის ხარისხი და არა რაოდენობა”

ზოგადი

ლევან დავითაშვილი: „ჩვენი მიზანია, მიმდინარე წლიდან, პრიორიტეტი გახდეს ყურძნის ხარისხი და არა რაოდენობა”
12.04.2021

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, დარგის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივები და რთველი 2021-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა. 

„2020 წელი მეღვინეობის დარგისთვის რთული და გამოწვევებით სავსე იყო. წელს, ჩვენი საქმიანობა  არსებული გამოწვევების დაძლევისა და დარგის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისკენ იქნება მიმართული. მეღვინეებთან და მევენახეებთან კომუნიკაცია იანვრიდან დაიწყო, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში, როდესაც, გამოწვევების დასაძლევად, თითოეული ჩვენგანის ჩართულობა და პასუხისმგებლობა დიდია. შეხვედრები გაგრძელდება რეგულარულად, რათა ერთად ვიმსჯელოთ დარგის განვითარების პერსპექტივებზე. ეს ეხება როგორც რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ასევე ღვინის სექტორის განვითარების 10-წლიან სტრატეგიას და პრიორიტეტებს. ჩვენი მიზანია, მიმდინარე წლიდან, პრიორიტეტი გახდეს ყურძნის ხარისხი და არა რაოდენობა. ხარისხიანი, კონდიციური ყურძენი განაპირობებს ღვინის ხარისხობრივი პარამეტრების გაუმჯობესებას, რაც დადებითად აისახება ქართული ღვინის ფასზე და შესაბამისად, როგორც მევენახეების, ისე მეწარმეების შემოსავლებზე.  მაღალი ხარისხი, საშუალებას მოგვცემს ქართულმა ღვინომ დაიმკვიდროს სათანადო ადგილი საექსპორტო ბაზრებზე. ეს გზა მეღვინეობის ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამა გაიარა“, - განაცხდა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართული ღვინის ექსპორტმა 100 მლნ ბოთლს მიაღწია. ორიენტირი კი, ექსპორტის შემდგომ ზრდაზეა მიმართული. სამინისტროს გათვლით,  2030 წლისთვის, საქართველოდან უნდა განხორციელდეს 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი. მიზნობრივ ბაზრებზე ქართული ღვინო ნიშურიდან საერთაშორისოდ დამკვიდრებულ კატეგორიაში უნდა გადავიდეს. ამისთვის საკმარისი არ იქნება  ცნობადობის გაზრდისკენ მიმართული მხოლოდ სახელმწიფოს მხარდაჭერა, საჭიროა კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ რთველი 2021-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. როგორც აღინიშნა,  გამკაცრდება ყურძნის ხარისხის კონტროლი, რაც ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება მუდმივი პროცესია და სწორედ ვენახის მოვლასა და ყურძნის კონდიციაზეა დამოკიდებული ქართული ღვინის ხარისხი, მისი საერთაშორისო რეპუტაცია და, შესაბამისად, საექსპორტო ფასი. გარდა ამისა, კონტროლი განხორციელდება დაცული ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე. 

მიმდინარე წელს, იგეგემება ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, რაც ასევე მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობისთვის.

ქართული ღვინო