ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

რთველი 2020-ის შეჯამება

რთველი

რთველი 2020-ის შეჯამება
30.10.2020

ლევან დავითაშვილი: „რთველი წარმატებით დასრულდა. საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი მევენახეობის სექტორში 2020 წელს არსებულ გამოწვევებს”
„საქართველოში, მევენახეობის კუთხით ყველა სამრეწველო რეგიონში რთველი დასრულდა. რთველი დასრულებულია როგორც კახეთში, ისე შედარებით ცივი კლიმატის რეგიონებში -რაჭასა და ლეჩხუმში.  
დღეისათვის, ინდუსტრიულად გადამუშავებულია რეკორდული რაოდენობის, 280 000 ტონამდე ყურძენი ძირითად სამრეწველო რეგიონებში, ეს არის კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი. ამ რაოდენობაში არ შედის ქართლისა და იმერეთის, ქვემო ქართლის მონაცემები, რომელიც, როგორც წესი, უფრო სამოყვარულოა.
დღევანდელი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ, დაახლოებით, 310 მლნ ლარი ჩვენმა მევენახე ფერმერებმა მიიღეს მათ მიერ წარმოებული ყურძნის რეალიზაციის შედეგად, რაც უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია. 
ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წლევანდელი წელი იყო არაორდინალური, გამოწვევებით სავსე, საკმაოდ რთული, არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ, მევენახეობის მწარმოებელ ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში. 
მიმდინარე წელს,   გადამუშავდა 175 000 ტონა რქაწითელი, რაც მთავარი ინდუსტრიული ჯიშია. 80 000 ტონა საფერავი, 5 000 ტონა კახური მწვანე, 3000 ტონაზე მეტი ქისი, რომელიც პოპულარული სამრეწველო ჯიში ხდება კახეთის რეგიონში. რაჭის რეგიონში, 2400 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული გადამუშავდა, რაც არის ძირითადი ბაზა ცნობილი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის „ხვანჭკარა” საწარმოებლად. 
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მოსახლეობა არ დარჩენილიყო ბედის ანაბარა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ის სამუშაოები, რაც სახელმწიფომ გაწია იყო აუცილებელი, რომ მოსავლის დაბინავება მომხდარიყო.  შედეგად, წელს, 25 000 მევენახე ფერმერმა მოახერხა ყურძნის ჩაბარება. ეს დარგი მზარდია და დინამიკა არის პოზიტიური, თუმცა ისეთ რთულ წელს, როგორიც 2020-ია, დიდი იყო სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის როლი. რომ არა ჩვენი არაორდინალური გადაწვეტილებები, რომელიც უკავშირდებოდა კერძო სექტორში მოთხოვნის სტიმულირებას და რაც გამოხატული იყო იაფი ფულადი რესურსების გამოყოფით კერძო ღვინის კომპანიებისთვის, ჩვენ ვერ შევძლებდით, რომ ყურძნის ძირითადი ნაწილი, 180 000 ტონაზე მეტი მოსახლეობისგან კერძო სექტორს შეესყიდა. თუმცა, კერძო სექტორი საკმარისი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, მობილიზებული  იყო სახელმწიფო რესურსები. არ ვსაუბრობ მხოლოდ ფინანსურ რესურსებზე, აქ იყო ძალიან ბევრი რამ გაკეთებული, რომ მოსავალი ორგანიზებლად ჩაბარებულიყო. პიკის პერიოდში, დღე-ღამეში 17 000 ტონა ყურძენი მუშავდებოდა, რაც აბსოლუტური რეკორდია. იყო რიგებიც, რაც რთველის პროცესს თან ახლავს, იყო წარსულშიც  და იქნება მომავალშიც. მთავარია, რომ ქვეყანაში ჩაბარების და გადამუშავების რესურსი არსებობს, რომელიც 2020 წელს უფრო გაიზარდა, რადგან, გარდა საბრუნავი საშუალებებისა, ჩვენ, პანდემიის გამო, სტიმულირება გავაკეთეთ და კერძო კომპანიებისთვის წავახალისეთ ძირითადი საშუალებების შეძენა, რომ გაზრდილიყო ტევადობები, მოცულობები და საწარმოო სიმძლავრეები.  
მიუხედავად ყველა გამოწვევისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რთველი საქართველოში წარმატებით დასრულდა. საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი მევენახეობის სექტორში 2020 წელს არსებულ გამოწვევებს”, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რთველის შეჯამებისას.

რთველი 2020-ის ფარგლებში საქართველოში  280 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია.
► ღვინის საწარმოებში ყურძენი 25 ათასამდე მევენახე ფერმერმა ჩააბარა, მათი შემოსავალი 310 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. 
► რთველი 2020-ის ფარგლებში გადამუშავებულია:
• 175 ათასი ტონა რქაწითელი;
• 80 ათასი ტონა საფერავი;
• 5 ათასი ტონა კახური მწვანე;
• 2400 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული;
• დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. 
► პანდემიით გამოწვეულ ვითარებაში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, სახელმწიფომ კახეთში 2020 წლის რთველის სუბსიდირება განახორციელა.
• სუბსიდიის პირობების შესაბამისად, მევენახე ფერმერებმა 1 კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანეს სანაცვლოდ მიიღეს მინიმუმ 80 თეთრი.
• კახეთში, რთველის პიკურ პერიოდში, გადამუშავებული ყურძნის დღეღამურმა მაჩვენებელმა 17 ათას ტონას მიაღწია. ყურძნის მიღების პროცესში 220 საწარმო იყო ჩართული. 
► ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 20 პუნქტი იყო გახსნილი, რამაც მოსახლეობას მოსავლის დროული და შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობა მისცა.

ქართული ღვინო